ახალი ამბები

“დემოკრატიის არ მჯერა” – პრორუსული “ალტ-ინფოს” ლიდერი

18 აპრილი, 2022 • 1781
“დემოკრატიის არ მჯერა” – პრორუსული “ალტ-ინფოს” ლიდერი

პრორუსული ალტ-ინფოსა და “კონსერვატიული მოძრაობის” ლიდერი და ერთ-ერთი დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია აცხადებს, რომ დემოკრატიის არ სჯერა და როდესაც ხელისუფლებაში მოვლენ, “ძალიან ბევრ კანონს” შეცვლიან. ამის შესახებ მორგოშიამ ამერიკულ Vice-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე და ამ სააკითხზე საქართველოში არსებული განწყობების ამსახველ სიუჟეტში მოხვდა.

Vice: გჯერათ დემოკრატიის?

მორგოშია: არა, მე არ მჯერა დემოკრატიის.

Vice: მაშინ რატომ მონაწილებთ არჩევნებში, თუ დემოკრატიის არ გჯერათ.

მორგოშია: იმიტომ, რომ არსებული სიტუაციისა და კანონმდებლობის ფარგლებშიც კი ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ არჩევნებში გავიმარჯვოთ. აი, როცა გავიმარჯვებთ, ჩვენ ძალიან, ძალიან ბევრ კანონს შევცვლით.


“კონსერვატიული მოძრაობა” დააფუძნა ულტრამემარჯვენე  “ალტ-ინფომ”. ეს უკანასკნელი ტელევიზიაა, რომლის ორგანიზებითაც 2021 წლის 5 ივლისს ლგბტ თემის საწინააღმდეგო, ძალადობრივი აქცია ჩატარდა. აქციის მონაწილეებმა ათეულობით ჟურნალისტზე იძალადეს.

პარტიის განცხადებით, მზად არიან რუსეთთან „პარტნიორული ურთიერთობებისთვის“: იანვარში გაიმართა რუსეთის დუმის დეპუტატებისა და “კონსერვატიული მოძრაობის” ერთობლივი კონფერენცია “ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან” დაკავშირებით, 14 მარტს კი “კონსერვატიული მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ პარტია სრული შემადგენლობით გეგმავს რუსეთში ვიზიტს.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში პრორუსული პარტიის მიმართ უკმაყოფილება მეტად ხილული გახდა. მისი ოფისების გახსნა მოქალაქეებმა არაერთ ქალაქში სხვადასხვა ფორმით გააპროტესტეს, ზოგიერთ შემთხვევაში კი “კონსერვატიულ მოძრაობას”საოფისე ფართი დაატოვებინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი