ახალი ამბები

„ალტ-ინფოს“ პარტია რუსეთში ვიზიტს „სრული შემადგენლობით“ გეგმავს

14 მარტი, 2022 • 6819
„ალტ-ინფოს“ პარტია რუსეთში ვიზიტს „სრული შემადგენლობით“ გეგმავს

„ალტ-ინფოს“ პარტია, პრორუსული „კონსერვატიული მოძრაობა“ აცხადებს, რომ რუსეთში გეგმავს სრული შემადგენლობით ვიზიტს.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე (კოკა) მორგოშია „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ ვიზიტი თვის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ „საომარმა ვითარებებმა სიტუაცია შეცვალა“.

„იქითა თვის [აპრილის] ბოლოს მოგვიწევს პარტიის სრული შემადგენლობით გამგზავრება“, – ამბობს კოკა მორგოშია.

„ნეტგაზეთის“ კითხვაზე პასუხად ჯერჯერობით არ აზუსტებს, ვისთან გამართავენ შეხვედრებს და ამბობს, რომ ამას წასვლის წინ დაანონსებენ.

წინა დღეს (13 მარტს) პარტიის თავმჯდომარემ, ზურაბ მახარაძემ ფეისბუკ-ლაივში განაცხადა, – იმის გათვალისწინებით, რომ „მსოფლიოს გეოპოლიტიკური გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს“, „სხვა ფორმატში“ მოუწევს მუშაობა. გარკვეული პერიოდით, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, თბილისში ვერ იქნება და ვერც ტელეეკრანებთან გამოჩნდება.

ჩვენ კოკა მორგოშიას ვკითხეთ ზურა მახარაძის „ამოცანასთან“ დაკავშირებით, რაზეც მან გვიპასუხა:

„ზურას აქვს სხვა ამოცანა, არაპარტიული და არა ის ფორმატი, რაც ტელევიზიას ეხება. ეს ამოცანა უნდა შეასრულოს და ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით“.

„ნეტგაზეთის“ დამაზუსტებელ კითხვაზე, ხომ არ წასულა ზურა მახარაძე სოხუმის ან ცხინვალის მიმართულებით, მორგოშიამ გვიპასუხა, რომ ზურა მახარაძე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

კიდევ ერთ კითხვაზე, – გასაგებია, რომ ამჟამად აქ იმყოფება, თუმცა ხომ არ გეგმავს ცხინვალში ან სოხუმში ჩასვლას, მორგოშიამ გვიპასუხა:

„რას გეგმავს და რას არ გეგმავს, ეს საკითხი არის კონფიდენციალური. საჭირო დროს ყველა გაიგებს“.

„ალტ-ინფომ“ პოლიტიკური პარტია, „კონსერვატიული მოძრაობა“ 2021 წლის 20 ნოემბერს დააფუძნა.

მას შემდეგ, კოკა მორგოშიას თქმით, პარტიამ საქართველოს 62 ქალაქში გახსნა ოფისი, დღეიდან, 14 მარტიდან კი თბილისში იწყებენ ოფისების გახსნას. მისი თქმით, „თბილისში მალე გვექნება 15-20 ოფისი, გარდა სათავო ოფისისა“.

„ალტ-ინფო“ ტელევიზიაა, რომლის ორგანიზებითაც ჩატარდა 2021 წლის 5 ივლისს ანტი-ლგბტ აქცია, რომელიც ჟურნალისტებზე ძალადობაში გადაიზარდა. აქციის მიმდინარეობისას სცემეს ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა (შსს მის გარდაცვალებას ნარკოტიკებით ზედოზირებას უკავშირებს).

5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა დანაშაულის ორგანიზატორები შსს-ს ამ დრომდე არ გამოუვლენია.

გირჩევთ „ნეტგაზეთის“ არქივიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი