ახალი ამბები

რუსეთმა მარიუპოლში უკრაინის ძალებს დანებების ულტიმატული წაუყენა

17 აპრილი, 2022 • 1163
რუსეთმა მარიუპოლში უკრაინის ძალებს დანებების ულტიმატული წაუყენა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მარიუპოლში უკრაინის სახმედრო ძალებს იარაღის დაყრა მოსთხოვა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის სამთავრობო მედიამ “რია ნოვოსტიმ” წუხელ გაავრცელა.

გამოცემა რუსეთის თავდაცვის სამინსიტროზე დაყრდნობით წერდა, რომ ვადის ათვლა მოსკოვის დროით 17 აპრილის დილის 06:00 საათზე დაიწყება და 13:00 საათზე დასრულდება. [თბილისის დროით: 07:00-14:00]

“რუსეთის შეარაღებული ძალები ნაციონალისტური ბატალიონების ბოევიკებს და უცხოელ დაქირავებულ მებრძოლებს სთავაზობენ საომარი მოქმედებების შეწყვეტას 2022 წლის 17 აპრილის 06:00 საათიდან. ყველა, ვინც იარაღას დადებს, სიცოცხლის შენარჩუნება გარანტირებული აქვს”, – განაცხადა რუსეთის ეროვნული თავდაცვის კონტროლის ცენტრის უფროსმა, მიხაილ მიზინცევმა.

აღნიშნულ განცხადებაზე საპასუხოდ, მარიუპოლის მერის მრჩეველმა მოგივანებით განაცხადა, რომ ულტიმატუმის მიუხედავად უკრაუნული ძალები მარიუპოლის დაცვას განაგრძობენ.

მარიუპოლი ალყაშია და რუსეთის შეიარაღებული ძალები მას სისტემატურად ბომბავენ. მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება დაზუსტება, რამდენი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა მარიუპოლში, თუმცა უკრაინული მხარე საუბრობს ათასობით მოკლულ მშვიდობიან მოქალაქეებზე.

მარიუპოლს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მისი აღების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რუსეთის ფედერაცია სახმელეთო გზით დაუკავშირდეს ანექსირებული ყირიმისა და ქერჩის ნახევარკუნძულებს.

ქალაქი ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. რუსეთის თავდასხმების შედეგად ქალაქში მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, საკვები და წყალი. მარიუპოლში რუსეთმა დაბომბა სამშობიარო და თეატრის შენობა, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს. მარიუპოლში დაღუპულებს საერთო საფლავებში მარხავენ, ან ხშირად ამასც ვერ ახერხებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი