ახალი ამბები

სუს-მა გამოძიება დაიწყო თანამდებობების პირებზე თავდასხმის მუხლით

15 აპრილი, 2022 • 1272
სუს-მა გამოძიება დაიწყო თანამდებობების პირებზე თავდასხმის მუხლით

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე თავდასხმის“ მუხლით გამოძიება დაიწყო.

სუს-ში ნეტგაზეთს დაუდასტურეს მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 325-ე მუხლით გამოძიების დაწყება.

დამატებით ინფორმაციას, – ვის მიერ, სად ან ვის წინააღმდეგ იგეგმება ან იგეგმებოდა თავდასხმა, – უწყება ჯერჯერობით არ ავრცელებს.

სუს-ის პრესცენტრის თანახმადვე, ამ საკითხზე ინფორმაცია უკვე გაიცვალა უკრაინულ მხარესთან.

ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 7-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება.

15 აპრილს, სუს-ის მიერ გამოძიების დაწყებაზე ინფორმაციის გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე, „ქართული ოცნების“ პარლამენტარმა, ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ აქვს „უტყუარი ინფორმაცია“, რომლის თანახმადაც ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში გარკვეული პროვოკაციების მოწყობას გეგმავს.

„არ დაგიმალავთ, მაგრამ დადასტურდა, – ყოველ შემთხვევაში, ასეთი ინფორმაცია არის, – რომ გარკვეული პროვოკაციის დაგეგმვის მიზნით არიან მობილიზებულები [„ნაციონალები“] და ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ არიან ისინი დელეგაციაში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკის განცხადებით, ამ საქმეზე „საკმაოდ სარწმუნო წყაროდან მიიღო ინფორმაცია ჩვენმა სპეცსამსახურებმა და უკვე გაუზიარეს ეს უკრაინის სპეცსამსახურებს“.


სავარაუდოდ, დღეს, 15 აპრილს, პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინაში საქართველოს პარლამენტის 8 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია მიემგზავრება.

საპარლამენტო დელეგაციაში იქნებიან:

  1. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი,
  2. დავით სერგეენკო
  3. არჩილ თალაკვაძე,
  4. „რეფორმების ჯგუფი“  – ხათუნა სამნიძე,
  5. „ლელოდან“ – ანა ნაცვლიშვილი
  6. „მოქალაქეები“ – ლევან იოსელიანი,
  7. „საქართველოსთვის“ – გიორგი ხოჯევანიშვილი,
  8. „გირჩი“ – ვახტანგ მეგრელიშვილი.

საპარლამენტო დელეგაციაში არ არიან „ნაციონალური მოძრქაობის“ ფრაქციისა და „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი