ახალი ამბები

მიხარია, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები ამოიწურა – სტეფანჩუკი

13 აპრილი, 2022 • 1055
მიხარია, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები ამოიწურა – სტეფანჩუკი

უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ონლაინშეხვედრა ჰქონდა, სადაც პაპუაშვილმა უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა.

სტეფანჩუკის თქმით, მოხარულია, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული მცირე გაუგებრობები ამოიწურა.

„ეს ვიზიტი საშუალებას მისცემს საქართველოს პარლამენტარებს, საკუთარი თვალით ნახონ, რა ხდება უკრაინაში. ასევე, განამტკიცებს ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას!

დარწმუნებული ვარ, რომ ვიპოვით კონტაქტის ყველა გზას იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ჩვენი ერთობლივი ნათელი მომავლის მშენებლობა. ჩვენ ბევრად მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე ის, რაც განგვასხვავებს“, – აცხადებს სტეფანჩუკი.

მანამდე უკრაინელ კოლეგასთან ონლაინშეხვედრის შესახებ განცხადება გაავრცელა შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, რუსლან სტეფანჩუკთან მეგობრული საუბარი ჰქონდა. როგორც პაპუაშვილი აცხადებს, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მომავალში სხვადასხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ერთმანეთთან წინასწარი კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა.


გუშინ, 12 აპრილს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კომუნიკაცია ჰქონდა შალვა პაპუაშვილთან და იმედი გამოთქვა, რომ მას კიევში შეხვდებოდა. დღეს კი შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის უკრაინაში წასასვლელად და ეს უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკსაც აცნობა.

რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომლებიც უკრაინაში თანამდებობებს იკავებენ და რომელთა გათავისულფებასაც საქართველოს მთავრობა ითხოვს, აღნიშნულთან დაკავშირებით რადის სპიკერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა 48 დღეა საომარ მდგომარეობაშია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა პოლიტიკური და სხვა სახის დაპირისპირებების დრო არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი