ახალი ამბები

აშშ-ის ანგარიში გვეუბნება, რომ ასე გაგრძელება გამორიცხულია – მელია

13 აპრილი, 2022 • 951
აშშ-ის ანგარიში გვეუბნება, რომ ასე გაგრძელება გამორიცხულია – მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს. მისი თქმით, ის 85 გვერდი, რომელიც საქართველოზეა, ამბობს, რომ ასე გაგრძელება გამორიცხულია და  „ქართული ოცნების“ გზას ქვეყანა ისტორიულ სიკვდილამდე მიჰყავს.

„რაზე დგას ქვეყანა, რომელსაც პრეტენზია აქვს, იყოს დასავლური ოჯახის სრულფასოვანი ნაწილი და განაცხადი შეაქვს ევროკავშირის წევრობაზე? – სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და არა შერჩევით მართლმსაჯულებასა და პოლიტიკურ დევნაზე; ადამიანის პირადი ცხოვრების დაცვაზე და არა უკანონო თვალთვალსა და მიყურადებაზე; ჟურნალისტების საქმიანობაში ჩაურევლობაზე და არა მათი ცხოვრების ხელყოფასა და დაშინებაზე; მიტინგებისა და დემონსტრაციების თავისუფლებაზე და არა მათ დარბევასა და მონაწილეების უკანონო დაკავებებზე; უმცირესობების პატივისცემაზე და არა მათ მიმართ ძალადობასა და მუქარაზე“, – განაცხადა მელიამ.

მელიას თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოზე გამოქვეყნებული დასკვნის მთავარი შეჯამება კი მთლიანად საპირისპიროზე მეტყველებს.

„თითოეული გვერდი ამ 85- დან გვაჩვენებს ჩვენი ქვეყნის უმძიმეს მდგომარეობას; თითოეული გვერდი ამ 85- დან გვაჩვენებს, როგორ გვაშორებს ქართული ოცნება ცივილიზებულ სამყაროს; თითოეული გვერდი ამ 85- დან გვაჩვენებს, ქრთული ოცნების ხელისუფლების პირობებში, როგორ მცირდება ჩვენი სამშობლოს პერსპექტივა ყოველწამიერად; თითოეული გვერდი ამ 85- დან გვეუბნება, რომ ასე გაგრძელება გამორიცხულია და ქართული ოცნების გზას მივყავართ ჩვენი ქვეყნის ისტორიულ სიკვდილმადე“, – განაცხადა მელიამ.

როგორც ნიკა მელია ამბობს, დასკვნაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური პოლიცია – სუსი, რომელიც უკანონოდ ყველას უსმენს: პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს, დიპლომატებს, სასულიერო პირებს.

„დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოს ჰყავს პოლიტიკური პატიმრები და პოლიტიკური დევნილები: სააკაშვილი, გვარამია, ჯაფარიძე და ხაზარაძე, წერეთელი, კეზერაშვილი და მელია. მათ დევნას კავშირი აქვს არა სამართალთან, არამედ მხოლოდ მათ პოლიტიკურ პოზიციასთან, იქნება ეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრობა თუ ოპოზიციური მედიის ფლობა“, – განაცხადა მელიამ.

მელია ხაზს უსვამს იმას, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოს სასამართლო სისტემაზე საუბრისას სწორეს სიტყვა კლანს იყენებს.

„დასკვნაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მთელი თავი, პრაქტიკულად, ეთმობა ქვეყნის მესამე პრეზიდენტ სააკაშვილს და მისდამი მოპყრობას, ასევე, მისი წამების საქმის გამოძიების წარმოების გამო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას; დასკვნაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში არ არსებობს სანდო გამოძიება და მართლმსაჯულებას კორუმპირებული და მთავრობისგან მართული მოსამართლეთა კლანი ახორციელებს“, – განაცხადა მელიამ.

მელიას თქმით, ის, რომ მთავრობა არ სჯის დამნაშავე მომხრეებს და მასთან აფილირებულ პირებს, სამაგიეროდ პოლიტიკურად ანგარიშს უსწორებს განსხვავებულად მოაზროვნე უდანაშაულო საქართველოს მოქალაქეებს, იქნება ეს ადმინისტრაციული პატიმრობა თუ სისხლის სამართლის საქმეები, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც აისახა.

„დასკვნაში ნათქვამია, რომ ქართული ოცნების საქართველოში ჟურნალისტის არათუ საქმიანობა, სიცოცხლეც კი არაფრად ფასობს (დეტალურად არის აღწერილი 5-6 ივლისი). დასკვნაში ნათქვამია, რომ საქრთველოში არჩევნები ტარდება ძალადობის, გაყალბების, ფართომასშტაბიანი მოსყიდვების და გასაჩივრების სანდო სასამართლო მექანიზმის სრულიად არარსებობის პირობებში;

დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველო შეჭამა მაღალი რანგის კორუფციამ და მხოლოდ საჩვენებელად ისჯებიან დაბალი რანგის მოხელეები.
დასკვნაში ნათქვამია, რომ ხელისუფლება ციხეებს ე.წ. მაყურებლების მეშვეობით მართავს, ხოლო ციხეებში პატიმრების მიმართ ძალადობის უამრავი ფაქტია და მათზე გამოძიება პრაქტიკულად არ მიმდინარეობს და არავინ ისჯება“, – აცხადებს მელია.

როგორც მელია ამბობს, ეს საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძიმე დასკვნაა.

„დასკნაში არაა ნათქვამი და ვერც იქნება, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა სფერო კოლაფსშია, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და ყველაფერი სასწრაფოდ უნდა შეიცვლოს. დასკვნაში არაა ნათქვამი, და ვერც იქნება, რომ ვერანაირი დასკვნა და ჩვენი პარტნიორების ვერანაირი რჩევა ვერ მოიტანს ქვეყნის გადარჩენის მთავარ წინაპირობას – ქართული ოცნების მართვის სადავეებიდან ჩამოშორებას.

ეს მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ჩვენი, ვინც ხელისუფლების ერთადერთი წყარო ვართ და ვისი ისტორიული მისიაცაა ამ 85 გვერდში მოყოლილი ჯოჯოხეთიდან ჩვენი ქვეყნის ამოყვანა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ანგარიშს ავრცელებს. საქართველოზე მომზადებული ანგარიში 85 გვერდისგან შედგება და მასში მიმოხილულია გასულ წელს ქვეყანაში  განვითარებული მოვლენები.

დოკუმენტში მოხვდა 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენები, 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები, მიხეილ სააკაშვილის დაკავება და სხვა საკითხები. ანგარიშში საუბარია იმ საქმეების შესახებაც, რომლებზეც განაჩენი არ დამდგარა, მათ შორის, 20 ივნისს პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცებისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეებზე.

რა წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოზე, შეგიძლიათ ნახოთ აქ:

5-6 ივლისის ძალადობა, „სუს-ის ფაილები“ და სააკაშვილის საქმე – რა წერია აშშ-ის ანგარიშში

მასალების გადაბეჭდვის წესი