საზოგადოება

5-6 ივლისის ძალადობა, „სუს-ის ფაილები“ და სააკაშვილის საქმე – რა წერია აშშ-ის ანგარიშში

13 აპრილი, 2022 • 2346
5-6 ივლისის ძალადობა, „სუს-ის ფაილები“ და სააკაშვილის საქმე – რა წერია აშშ-ის ანგარიშში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ანგარიშს ავრცელებს. საქართველოზე მომზადებული ანგარიში 85 გვერდისგან შედგება და მასში მიმოხილულია გასულ წელს ქვეყანაში  განვითარებული მოვლენები.

დოკუმენტში მოხვდა 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენები, 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები, მიხეილ სააკაშვილის დაკავება და სხვა საკითხები. ანგარიშში საუბარია იმ საქმეების შესახებაც, რომლებზეც განაჩენი არ დამდგარა, მათ შორის, 20 ივნისს პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცებისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეებზე.

მაჩალიკაშვილის საქმე

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შესახებ ანგარიშის დასაწყისშივეა საუბარი. ქვეთავში, რომელიც  უკანონო ან პოლიტიკურად მოტივირებულ მკვლელობებს ეხება, ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში ამგვარი ცნობები არ ყოფილა, თუმცა დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიუხედავად სახალხო დამცველის მხრიდან არაერთგზის მოწოდებისა, პროკურატურამ შეწყვიტა გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე დანაშაულის ნიშნების არარსებობის მოტივით.

აფგან მუხთარლის გატაცება

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის საქმე, რომელიც თბილისში გაუჩინარების შემდეგ აზერბაიჯანში პატიმრობაში აღმოჩნდა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის იმ ქვეთავში მოხვდა, რომელიც გაუჩინერაბებს ეხება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მუხთარლი მის გატაცებაში ქართველ სამართალდამცავებს ადანაშაულებს აზერბაიჯანელ მესაზღვრეებთან თანამშრომლობაში  და ნათქვამია, რომ ამ საქმეზე პასუხისმგებელი პირები გამოვლენილი არ არიან.

მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე. ქვეთავში, რომელიც წამებას, არაადამიანურ ან/და დამამცირებელ მოპყრობას ეხება, ნათქვამია, რომ ექსპრეზიდენტი პირველ ოქტომბერს დააკავეს რამდენიმე საქმეზე დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობის გამო.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 11 ნოემბერს სახალხო დამცველის ოფისმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მხრიდან  მიხეილ სააკაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის საკითხის გამოძიების მიზნით.  დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საუბარი ეხებოდა სააკაშვილის იძულებით გადაყვანას რუსთავის მე-12 ციხიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში მისი ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ.

სახელმწიფო დეპარტამენტი სახალხო დამცველს ციტირებს და აცხადებს, რომ ომბუდსმენის თქმით, 11 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ შელახა პატიმრის პატივი, ღირსება და პრივატულობა, მისი ნების საწინააღმდეგოდ ეტაპირების ამსახველი ვიდეოკადრების გასაჯაროებით. სახელმწიდო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ  სახელმწიფო ინსპექტორს ვიდეო არ გადაეცა გამოძიების ფარგლებში, თუმცა ხელმისაწვდომი იყო საჯაროდ.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი სახალხო დამცველზე დაყრდნობით აცხადებს, რომ პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტს საკუთარ პროცესზე დასწრების უფლება შეუზღუდა, რაც ეწინაარმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს უფლება მიხეილ სააკაშვილს სამჯერ შეეზღუდა.

სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ ანგარიშში წერს, რომ 19 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობის გამო გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს მკურნალობისთვის. გამოჯანმრთელების შემდეგ კი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს, სადაც ამ დრომდე იმყოფება.

მიხეილ სააკაშვილზე საუბრის დასასრულს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას მიმოიხილავს. ანგარიშში ნათქვამია, რომ 30 დეკემბერს „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა აღნიშნული უწყების გაუქმებას და მის ნაცვლად ორი სააგენტოს ჩამოყალიბებას.

პოლიტიკური პატიმრები და დაკავებულები

ქვეთავში, სახელწოდებით პოლიტიკური პატიმრები და დაკავებულები, სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ არასამთარობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები აცხადებდნენ, რომ სახელმწიფოს პოლიტიკური ნიშნით ჰყავდა ადამიანები დაკავებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 23 თებერვალს საიამ დაგმო იმ დღეს ერთიანი ნაციონალური მოძროაბის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება და აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამო 2019 წლის საპროტესტო აქციების საქმეზე დააკავეს მას შემდეგ, რაც ელექტრონული მონიტორინგის აპარატი მოიხსნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გასაპროტესტებელ აქციაზე. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ომბუდსმენის თქმით, მელიას დაკავების აუცილებლობა არ იყო. 11- კვირიანი პატიმრობის შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, მელია გაათავისფულეს 19 აპრილის შეთანხმების ფარგლებში, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დაიდო.

27 აპრილს კი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ნიკა მელია და „მთავარი არხის“ თანადამფუძნებელი გიორგი რურუა. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ოპოზიციური პარტიები რურუას და მელიას დაკავების უკან პოლიტიკურ მოტივებს ხედავდა, მათივე თქმით, ასევე პოლიტიკური პატიმარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევა

სახელმწიფო დეპარტამენტი ქვეთავში, რომელიც პირად ცხოვრებაში უკანონოდ ჩარევას ეხება, ნათქვამია, რომ  მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას ადანაშაულებდნენ პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევაში. მაგალითისთვის, სახელმწიფო დეპარტმანეტის თქმით, იყო ცნობები პოლიტიკური ოპონენტების თვალთვალის შესახებ. ანგარიშში ნათქვამია, რომ სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოების, ასევე ჟურნალისტების მხრიდან გამოითქვა შეშფოთება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თვალთვალის სისტემებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ნაკლებობით იყენებდა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ პროოპოზიციური „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ 1 აგვისტოს სუსი დაადანაშაულა ოპოზიციაზე, მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლებზე, ჟურნალისტებზე, დიპლომატებსა და ბიზნესის წარმოამდგენლებზე თვალთვალში. აღნიშნულის დროს გვარამია კითხულობდა ე.წ. კრებსებს, რომელიც, მისი თქმით, სუს-დან იყო მოპოვებული და არალეგალურად ჩაწერილ სატელეფონო და პირისპირ საუბრებს ასახავდა.

ჩანაწერის მიხედვით, სუსი არალეგალურად აგროვებდა ინფორმაციას ადამიანების სექსუალური ორიენტაციის, პირადი ურთიერტობების და სექსუალური პარტნიორების შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ზოგიერთმა ჟურნალისტმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა დაადასტურა აღნიშნული დიალოგების ნამდვილობა. მმართველი პარტია კი ცნობებს ფაბრიკაციად აფასებდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 13 სექტემბერს პირმა, რომელიც აცხადებდა, რომ სუსში მუშობდა,  ათასობით დოკუმენტი გახადა საჯარო, რომელიც მსგავს ინფორმაციას შეიცავდა. 14 სექტემბერს პროკურატურამ გამოძიების დაწყება დააანონსა, პრემიერ-მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნები კი აგრძელებდნენ უარყოფას, რომ ამგვარ ფაქტს ჰქონდა ადგილი.

5-6 ივლისის ძალადობა და ჟურნალისტებზე თავდასხმები

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ წლის განამვლობაში ადგილი ჰქონდა ულტრამემარჯვენე და პოლიტიკურად მოტივირებული აქტორების მიერ ჟურნალისტებზე მრავალრიცხოვან თავდასხმებს. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების დამკვირვებლებს სჯეროდათ, რომ მთავრობა ამგვარ ძალადობას ადეკვატურად არ იძიებდა და არ სჯიდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ გარდა 5-6 ივლისის ძალადობისა, ადგილი ჰქონდა არაერთ თავდასხმას. მათ შორის, დასახელებულია 25 თებერვალს ტელეკომპანია ფორმულას წამყვანზე, ვახო სანიაზე თავდასხმა. ასევე, აღნიშნულია მთავარი არხის ჟურნალისტზე, ემა გოგოხიაზე მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მხრიდან სიცოცხლის მოსპობაზე მუქარა. 17 მაისს კი, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, თავს დაესხნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს.

დოკუმენტში ასევე საუბარია გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობის საქმეზეც. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ 4 წლით პატიმრობა მიესაჯა რუსეთის მოქალაქე მოჰამედ გუციევს.

ანგარიშში ყრუადღებაა გამახვილებული ტელეკომპანია პირველის გარდაცვლილ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას საქმეზეც, რომელიც 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ 5 ივლისს ის სასტიკად სცემეს. სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ სამართალდამცავი უწყებები მისი სიკვდილის შემდეგ თითქოს ჟურნალისტის დისკრედიტაციაზე უფრო იყვნენ ორიენტირებული, ვიდრე მისი სიკვდილის მიზეზების დადგენაზე.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 5 ივლისის ძალადობისას,  ჯამში, მედიის 53 წარმოამდგენელი დაშავდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, მომხდარზე 30-მდე პირი დააკავეს, ამ დრომდე არ გამოვლენილა ძალადობის ორგანიზატორების ვინაობა.

არჩევნები

2020 წლის ოქტომრბის არჩევნებთან დაკავშირებით, ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ანგარიშში არჩევნების პირველი ტურის კონკურენტულაც შეფასებისა, რომლის დროსაც ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, ისმოდა ბრალდებები ამომრჩევლების მოსყიდვაზე, მათ ნებაზე ზეწოლასა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვრის გაფერმკთალებაზე. ისევე, როგორც ზეწოლაზე ამომრჩევლებსა და კანდიდატებზე. სახელმწიფო დეპარტამენტი იშველიებს ეუთოს მისიის ანგარიშს, სადაც ასევე ნათქვამია, რომ იყო მკვეთრი დისბალანსი რესურსებს შორის, მმართველი პარტიის სასარგებლოდ.

ამასთან, დოკუმენტში საუბარია, რომ ODIHR-მა ხაზგასმით აღნიშნა შეშფოთება მმართველი პარტიის დომინირებაზე საარჩევნო კომისიებში. სხვა პრობლემებს შორის სახელმწიფო დეპარტამენტი ასახელებს ცნობებს საჯარო სექტორში დასაქმებულთა შევიწროებაზე და საჩივრების ფორმალური მიზეზებით სისტემატურ უგულებელყოფას, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავდა ეფექტიანი ლეგალური გზებით ხარვეზების აღმოფხვრას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს საქართველოზე შეგიძლიათ სრულად გაეცნოთ ბმულზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი