პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ვასილ მაღლაფერიძე და ლაშა ტუღუში აირჩია, ლიკა ბასიალაია-შავგულიძე კი- არა. კენჭისყრა პარლამენტში დღეს, 13 აპრილს, გაიმართა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში არსებულ სამ ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტს სამი პირი უნდა შეერჩია. მათგან ვასილ მაღლაფერიძე „ქართული ოცნების“ კვოტით იყო წარდგენილი, ლაშა ტუღუში — სახალხო დამცველის, ხოლო ლიკა ბასილაია-შავგულიძე ენმ-მ წარადგინა.
კენჭისყრამდე „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ უმრავლესობა შავგულიძეს მხარს არ დაუჭერდა, რადგან ენმ ვასილ მაღლაფერიძეს არ უჭერდა მხარს.
„ჩვენ გქონდა მცდელობა, რომ საპარლამენტო ტრადიციის შესაბამისად, ლიკა ბასილაია-შავგულიძის კანდიდატურის წარმდგენ ოპონენტებს ჩვენი კანდიდატისთვის დაეჭირათ მხარი, რაზეც დადებითი პასუხი ვერ მივიღეთ. შესაბამისად, ჩვენ მათ კანდიდატურას მხარს არ დავუჭერთ“, — განაცხადა მდინარაძემ.