ტელეკომპანია „ფორმულას“ თანადამფუძნებელი და ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს, რამდენიმე დღის წინ ფეისბუკზე დაწერილი სტატუსის გამო.
საუბარია 4 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტზე, რომლითაც მშვილდაძე პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ბუჩის კადრების გავრცელების შემდეგ თქვა, რომ ომით უკრაინელი ხალხი იჩაგრება და ისჯება. მშვილდაძემ დაწერა:
“ასეთი აზრი მაქვს დიდი ხანია, ორი დიდი აქციით საკითხის გადაწყვეტის ამბავი: იკრიბება დიდი აქცია შაბათს და ამბობს, რომ ხვალ დილამდე ღარიბაშვილი უნდა იყოს გადამდგარი, თორემ ხვალ ზუსტად ეს იგივე ხალხი შევიკრიბებით და დავლეწავთ კანცელარიას. გადადგება? – თეკლეს და არ გადადგება და უნდა შევიკრიბოთ და დავლეწოთ. სულ ესაა”.
ამჟამად მშვილდაძის პოსტი მის ფეისბუკზე არ იძებნება. მიშა მშვილდაძის თქმით, პოსტი სოციალურმა ქსელმა რეპორტების გამო წაშალა:
„ეს არის ის გამოძიება, ე.წ. პაკრიშკების საქმე, და შემდეგ ყველა ამბავს ამ საქმიდან გამომდინარე გამოაცეცებენ ხოლმე. ფაქტია, რომ არავინ არსად შევარდნილა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს განხილვები: “აბა, რა ვქნათ”- მილიონზე მეტ ადამიანში მიდის მუდმივად და ყოველთვის. იმიტომ, რომ დემოკრატია ნიშნავს ხალხის მმართველობას და ხალხი თავად ირჩევს ფორმებს, როგორ განახორციელოს თავისი მმართველობა.
უზურპატორს, გამყალბებელს, კანონის მიღმა გასულს, რომელიც ხელისუფლებაში რჩება უკანონოდ, იმის წინააღმდეგ ხალხს აქვს შესაძლებლობათა ძალიან ფართო არსენალი. ეს უნდა იცოდეს იმ ადამიანმა, რომელმაც შეიძლება ჩაიდინოს ისეთი დანაშაული, რომლისაც მთელ ქვეყანას შეგვრცხვება”, – ამბობს მშვილდაძე ტელეკომპანია „ფორმულასთან“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მშვილდაძე მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება. რაც შეეხება საქმეს, რომლის ფარგლებშიც მშვილდაძის გამოკითხვას სუსი ითხოვს, ტელეკომპანიის ცნობით, 2020 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით, რაც ხელისუფლების დამხობას გულისხმობს.