ახალი ამბები

კობახიძის თქმით, კითხვარის გასაჯაროება EU-ს წესებზეა დამოკიდებული

12 აპრილი, 2022 • 1177
კობახიძის თქმით, კითხვარის გასაჯაროება EU-ს წესებზეა დამოკიდებული

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კითხვარის გასაჯაროების წესებს ევროკავშირი ადგენს.

მისი თქმით, იმ წესების ფარგლებში, რაც ევროკავშირის მხრიდან დგინდება, მზად არიან სრული გამჭვირვალობისთვის.

“ნებისმიერი ინფორმაცია შეიძლება გახდეს გამჭვირვალე, თუ ამას ითვალისწინებს ევროკავშირის წესები. ამაზე გვექნება კონსულტაციები ევროკავშირთან”, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვარის შევსებაში არასამთავრობო ორგანიზაიბის ჩართვას, კობახიძე ამბობს, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, კითხვარი შეივსოს იმ ორგანოებისა და სუბიექტების მიერ, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციით არიან დაინტერესებული და არა ხელისუფლების წარუმატებლობით.

“აქედან გამომდინარე, ჩვენ ეჭვები და კითხვები გვაქვს სხვადასხვა სუბიექტთან მიმართებით – ეს ეხება რადიკალურ ოპოზიციას და მის სატელიტებს, მათ შორის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს[…] ყველამ კარგად იცის, ვინ არის დაინტერესებული საქართველოს წარმატებით და წარუმატებლობით”, – განაცხადა კობახიძემ.

ერთ-ერთი პირველი, ვინც კითხვარის გასაჯაროება მოითხოვა, ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს წარმომადგენელი ვანო ჩხიკვაძეა. კობახიძის აზრით, ეს ორგანიზაცია ხელისუფლების წარმატებით დაინტერესებული არაა.

“მე არ მგონია, რომ ისინი დაინტერესებული იყვნენ საქართველოს წარმატებით, მათი კონკრეტული ნაბიჯებიდან გამომდინარე”, – განაცხადა კობახიძემ.

11 აპრილს საქართველოს ევროკავშირისგან გადაეცა კითხვარი, რომელიც EU-სთან ინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ეტაპია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თბილისი “მაქსიმალურად მოკლე დროში” შეავსებს კითხვარს.


EU-სგან მიღებული კითხვარი საჯარო უნდა იყოს – ვანო ჩხიკვაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი