ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელის, ვანო ჩხიკვაძის განცხადებით, კითხვარი, რომელიც საქართველოს დღეს, 11 აპრილს გამოეგზავნა, დაინტერესებული პირებისთვის ღია და ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
- კითხვარის შესახებ იხილეთ ნეტგაზეთის სტატია: რას წარმოადგენს EU-კითხვარი, რომელიც საქართველოს დღეს გადაეცა
მისი განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოებაში არსებობს კითხვარზე მუშაობის გამოცდილება, რომლის გამოყენებაც შეიძლება.
„ოთხი წლის წინ ჩვენ შევავსეთ სერბეთისთვის გაგზავნილი კითხვარის 23-ე თავი, რომელიც შეეხებოდა ადამიანის უფლებებს, მართლმსაჯულებასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, რომლის გამოყენებითაც შევაფასეთ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილება არ უნდა დაიკარგოს და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოება ჩაერთოს.
ევროინტეგრაციის პროცესი არ არის კულუარული პროცესი და არც უნდა იყოს ასეთი. თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ქართველი ერისა და ხალხის განაცხადი, რომელზეც ხშირად მიანიშნებს ხელისუფლებაც, მე ვფიქრობ, რომ ამაში უნდა ჩაერთოს ის ხალხი, რომელიც არის დაინტერესებული და ამ მიმართულებით უმუშავია“, – აცხადებს იგი.
მისი განცხადებით, კითხვარის შევსების პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებას, რომ მასში გარკვეული წვლილი შეიტანოს.
ჩხიკვაძის თანახმად, საჯარო უნდა იყოს ის პასუხებიც, რომლებსაც ქართული მხარე შეიმუშავებს.
„ეს კითხვარი რაიმე კონფიდენციალურ ინფორმაციას არ შეიცავს, ის არის შეფასება იმისა, თუ რამდენად იმსახურებს საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ კითხვარი, არამედ საქართველოს მთავრობის მიერ გაგზავნილი პასუხებიც უნდა იყოს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, რათა ვიცოდეთ, ჩვენი სახელით, ჩვენ მიერ დაქირავებული ხალხი რა პასუხს სცემს ევროკავშირს“, – აცხადებს ვანო ჩხიკვაძე.
ვანო ჩხიკვაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კითხვარი არ გახდება საჯარო, მოამზადებენ ოფიციალურ მიმართვას როგორც ქართული, ისე ევროპული მხარისთვის, რათა ეს დოკუმენტი საჯარო გახდეს.
„მე მესმის, რომ ევროკავშირისთვის უპირველესი პარტნიორი არის საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ ამ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. შესაბამისად, აბსოლუტურად უგუნური იქნება ის, რომ ეს დოკუმენტი ხელმისაწვდომი არ იყოს მათთვის, ვისაც აინტერესებს ის.
სხვა შემთხვევაში შესაძლოა უხერხული მდგომარეობა შეიქმნას. შესაძლოა ითქვას, რომ კითხვებზე პასუხები დამაკმაყოფილებელი არ იყო. ამიტომ ჯობია აქედანვე დავიჭიროთ თადარიგი და ვიცოდეთ, რა კითხვებია და რა პასუხები გაეცემა მათ“, – აცხადებს იგი ნეტგაზეთთან საუბრისას.
ჩხიკვაძის განცხადებით, კითხვარში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული იქნება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მართლმსაჯულება, უსაფრთხოება, საჯარო შესყიდვები, ფინანსური კონტროლი, სტატისტიკა და ა.შ.
კითხვარი საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ლუქსემბურგში გადასცა.








