ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში ომის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს დაკითხვაზე იბარებენ – აფხაზი ომბუდსმენი

11 აპრილი, 2022 •
აფხაზეთში ომის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს დაკითხვაზე იბარებენ – აფხაზი ომბუდსმენი

ასიდა შაკრილი, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო დამცველი დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მიმართავს წერილით, სადაც შეშფოთებას გამოხატავს უკანასკნელ დღეებში მოქალაქეების უშიშროების სამსახურში [СГБ] ხანგრძლივ “გასაუბრებაზე” დაბარების გამო.

ასიდა შაკრილი წერილში ამბობს, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ხელი მოაწერეს მოწოდებას უკრაინაში სისხლისღვრის შეჩერების სურვილსა და აუცილებლობაზე.

“შეშფოთებას იწვევს ის, რომ ადამიანებს მას შემდეგ იბარებენ, რაც ისინი საჯაროდ საკუთარ აზრს გამოხატავენ ამა თუ იმ საკითხზე, და არამხოლოდ ამ მიზეზით. ასეთ გასაუბრებებზე იბარებენ სხვადასხვა ორგანიზაციების თანამშრომლებს.

მე ამას ვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებზე ზეწოლის მცდელობას და აფხაზეთში სიტყვისა და სხვა თავისუფლებების შეზღუდვას. აფხაზებს კარგად ახსოვთ, როდესაც ტოტალიტარული სისტემა, სტალინისა და ბერიას ხელმძღვანელობით, სისტემისთვის არასაჭირო ხალხს ანადგურებდა. სტალინური ტერორი აფხაზეთში მიმართული იყო, პირველ რიგში, განათლებული ადამიანების წინააღმდეგ, ინტელიგენციის წინააღმდეგ, რამაც საბოლოო ჯამში, ჩვენი ერის ელფერი გაანადგურა. რეპრესიების შემდეგ რეაბილიტაციის დრო დადგა, თუმცა იმ დროისთვის რეპრესირებულები უკვე აღარ იყვნენ ცოცხლები. უნდა გვახსოვდეს საკუთარი ისტორია იმისთვის, რომ ეს მომაკვდინებელი უსამართლობა და უკანონობა აღარ განმეორდეს.

აფხაზეთის უშიშროების სამსახური იმ ადამიანებს იბარებს, ვისაც მთელი ერი იცნობს; ადამიანებს, რომლებიც ყველაზე რთულ, ომმამდე, ომისა და ომის შემდეგ პერიოდებში ჩვენი საზოგადოების ინტერესებს იცავდნენ და დღემდე ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.

ეს სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა საშუალებას, ზეწოლა მოახდინონ ადამიანებზე სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით. ეს არის საგანგაშო სიგნალი დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ნორმებიდან მცოცავი გადახვევისა”.

ამასთან დაკავშირებით, როგორც შაკრილი წერს, ის იწყებს უშიშროების სამსახურის თანამშრომელთა მოქმედებების შემოწმებას ადამიანის უფლებებისა და სხვა თავისუფლებების დარღვევაზე და იმედს გამოთქვამს, რომ უშიშროების სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ადამიანის უფლებების შეზღუდვაზე იქნება ადეკვატური რეაგირება და ყველა დამნაშავეს პასუხუსიმგებლობა დაეკისრება.

ასიდა შაკრილი: ფოტო: apsnypress

მას შემდეგ, რაც აფხაზეთში რამდენიმე ათეულმა სამოქალაქო აქტივისტმა უკრაინაში ომის შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ მიმართვა გაავრცელა, ადგილობრივმა უსაფრთხოების სამსახურმა მისი ხელმომწერების დაკითხვაზე დაბარება დაიწყო. აფხაზი მოქალაქეები მიმართვაში, რომელთა შორის არიან აქტივისტები და ჟურნალისტები, უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობენ. იმის მიუხედავად, რომ გავრცელებულ ტექსტში მიმართვის ადრესატი არ არის დაკონკრეტებული, ომის შეწყვეტის მოწოდების ადრესატი რუსეთია.

მას შემდეგ [2022 წლის 24 თებერვალი] რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, აფხაზურმა ოფიციალურმა მხარემ რუსეთის მიერ უკრაინაში გამოცხადებულ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” მხარი დაუჭირა, თუმცა მოქალაქეების მცირე ნაწილმა სოციალურ ქსელებში ღიად ანტისაომარი განცხადებები გააკეთა. უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის ჯარის რიგებში მსახურობენ აფხაზებიც, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსულ სამხედრო ბაზაზე მუშაობენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი