ახალი ამბები

ჰაერიდან იყო მოტანილი — კობახიძე უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე

8 აპრილი, 2022 • 1665
ჰაერიდან იყო მოტანილი — კობახიძე უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სიტყვებით, უკრაინის დაზვერვის  განცხადება, რომლის თანახმადაც საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება, “ჰაერიდან იყო მოტანილი”. კობახიძემ ამ საკითხზე ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.

“ჩვენ მოვითხოვეთ მათი მხრიდან მტკიცებულებების წარმოდგენა, წყაროს წარმოდგენა, თუმცა არც ერთი და არც მეორე არ გაუკეთებიათ. ამას აქვს მარტივი მიზეზი: საერთოდ ჰაერიდან იყო მოტანილი ის განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ და არაფერი არ მომხდარა ისეთი, რაზეც შეიძლებოდა, აგებული ყოფილიყო ეს განცხადება.

იყო აბსოლუტურად პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, რომელიც… გათვლილი იყო მარტივ რამეზე, რომ შეიძლება, პატარა, მინიაფეთქება მოჰყოლოდა საზოგადოებაში ამ განცხადებას. თუმცა საზოგადოება ხედავს ყველაფერს…”, — დასძინა მან.

ირაკლი კობახიძემ კვლავ გაიმეორა, რომ “არის გარკვეული პოლიტიკური კოორდინაცია… აქაურ რადიკალურ ოპოზიციასთან” და ადამიანები, რომლებიც “აქ არიან რადიკალურ ოპოზიციაში, იქ[უკრაინაში] — არიან ხელისუფლებაში”. კობახიძეს მსგავსი რამ აქამდეც უთქვამს და ამ კონტექსტში მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე უხსენებია.

“სინამდვილეში, არ მომხდარა არაფერი. ჩვეულებრივად კონტროლდება აბსოლუტურად ყველა ტვირთი: რაც გადის ქვეყნიდან და რაც შემოდის ქვეყანაში. აბსოლუტურად ღიაა ყველა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით”, — დაამატა მან.

კობახიძის სიტყვებით, ის, რომ ქართულმა მხარემ “ამდენი დღის განმავლობაში” ვერ მიიღო “ვერავითარი ინფორმაცია უკრაინული მხარისგან, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ არაფერს ეს არ ეფუძნებოდა და თავიდან ბოლომდე იყო ე.წ. ფეიკი”.

“ფეიკის დიდოსტატები ვინ არიან, ჩვენ კარგად ვიცით: ესენი არიან ჩვენი ოპოზიციონერები, რომლებიც იქ არიან, სამწუხაროდ, დღესაც ხელისუფლებაში”, — აღნიშნა მან.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა 4 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთი კონტრაბანდულ არხებს ქმნის სანქცირებული სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო საქონლის მისაღებად, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის.

ქართულმა მხარემ „ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული“ უწოდა ბრალდებას და უკრაინისგან მტკიცებულებების წარდგენა მოითხოვა. თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ კიევი თბილისისგან ელის მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს, რომ ის არ ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი