ახალი ამბები

უკრაინიდან სააკაშვილის სახით შემოვიდა კონტრაბანდული პროდუქტი ომის წინ – კობახიძე

5 აპრილი, 2022 • 1498
უკრაინიდან სააკაშვილის სახით შემოვიდა კონტრაბანდული პროდუქტი ომის წინ – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ომის წინ უკრაინიდან საქართველოში მიხეილ სააკაშვილის სახით კონტრაბანდული პროდუქტი შემოვიდა.

ამის შესახებ მან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა. კერძოდ, უკრაინული დაზვერვის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება, რაც გულისხმობს რუსეთისთვის აკრძალული ნაწარმის მიწოდებაში, მათ შორის, იგულისხმება სამხედრო დანიშნულების პროდუქცია.

კობახიძის თქმით, უკრაინულმა მხარის ბრალდებები აბსურდულია, თუმცა უკრაინის დაზვერვამ აღნიშნული ინფორმაციის წყარო უნდა წარმოადგინოს.

„უკრაინიდან შემოვიდა კონტრაბანდული პროდუქტი სააკაშვილის სახით ომის წინ. სამწუხაროდ, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა და როგორ გადმოკვეთა ამ კონტრაბანდულმა პროდუქტმა უკრაინის საზღვარი, ეს შეგიძლიათ მოიკითხოთ.

რაც შეეხება ბრალდების დამტკიცება-არდამტკიცებას – ეს პირველ რიგში არის უკრაინის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. როდესაც რაღაცას გაბრალებენ, დამბრალებელმა თვითონ უნდა დაამტკიცოს, რამდენად არის მისი განცხადება სიმართლე. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების პოზიცია არის მარტივი – უკრაინის ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს ინფორმაციის წყარო და ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ყველაფერზე, თუმცა ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ ვერც ვერავითარ წყაროს და მტკიცებულებას ვერ წარმოადგენენ. ამას აქვს მარტივი მიზეზი – ეს არის აბსურდი“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძე უკრაინული დაზვერვის მიერ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას ენმ-ის მთავრობის დროინდელ მაღალჩინოსნებს უკავშირებს, რომლებიც ახლა უკრაიანაში არიან თანამდებობებზე.

„ეს არის იმ ალოგიკური გადაწყვეტილებების და ნაბიჯების გაგრძელება, რაც ვიხილეთ უახლოეს წარსულში, მათ შორის, ელჩის გაწვევის სახით. ამ ყველაფერს აქვს ერთი მარტივი მიზეზი – ადამიანები, რომლებიც აქ არიან რადიკალურ ოპოზიციაში, იქ არიან ხელისუფლების ნაწილი, იგივე სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ამგვარი ალოგიკური ნაბიჯები არის აბსოლუტურად ლოგიკური. ეს არის სამწუხარო რეალობა.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ ბრალდებას, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა, ამასაც რბილად ვამბობ. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებებს შორის მეგობრობა არის ცალმხრივი, თუმცა მაინც მზად ვართ, ეს ცალმხრივი მეგობრობა გავაგრძელოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ უკრაინელი მეგობრების, ხალხის, სახელმწიფოს, ქვეყნის ინტერესების რეალიზებას“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მხრიდან „ყველანაირი წითელი ხაზია გადაკვეთილია“, საქართველოს მთავრობას არ აქვს უფლება, საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყენას დაუპირსპირდეს.

„ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ, თორემ ამდენ ალოგიკურ ნაბიჯზე რეაქცია უნდა ყოფილიყო, რაღაცა დემარში“, – განაცხადა კობახიძემ.


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი ქვეყანაში სანქცირებული პროდუქტის შეტანას საქართველოს გავლით, კონტრაბანდის სახით გეგმავს, საქართველოს “პოლიტიკური ხელმძღვანელობა” კი კონტრაბანდისტების საქმიანობას ხელს აფარებს.

საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება — უკრაინის დაზვერვა

მასალების გადაბეჭდვის წესი