„ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი ბოდიშს უხდის მათ, ვინც მისი განცხადება არასწორად აღიქვა და ბუჩის დანაშაულს ობიექტური აღქმით დაუკავშირა.
კერძოდ, გუშინ, 6 აპრილს ოხანაშვილმა განაცხადა: „კარგად თუ დაეხმარებიან ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები, ასწავლიან, რაც არ მგონია, მისაღები იყოს უკრაინის ხელისუფლებისთვის, როგორ ხდება გვამების შემოდება რუსთაველის მსგავსად, ალბათ, უკრაინაში“.
ოხანაშვილის ამ განცხადებას კრიტიკა მოჰყვა. საზოგადოების ნაწილს გაახსენა რუსული პროპაგანდისტული ნარატივი, რომელიც ამტკიცებს, რომ ბუჩაში ადამიანების გვამები უკრაინელებმა და ბრიტანელებმა დაალაგეს.
„გუშინ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შევახსენე მათ მიერ ჩვენს ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულები, რომლებიც ადამიანების მკვლელობასა და ამ მკვლელობების უმძიმესი ფორმებით მიჩქმალვას უკავშირდებოდა.
სამწუხაროდ, ჩემი ეს გამონათქვამი დაუკავშირეს ბუჩაში მომხდარ შემზარავ დანაშაულს, რომელიც რუსული სამხედრო აგრესიის უმძიმესი შედეგია და შეუძლებელია, უკრაინის პასუხისმგებლობად განიხილოს ვინმემ. თუკი ვინმემ ჩემი გამონათქვამი არასწორად აღიქვა და ბუჩის დანაშაულს ობიექტური აღქმით დაუკავშირა, გულწრფელად ვწუხვარ და მათ წინაშე ბოდიში მინდა მოვიხადო“, – დაწერა სოციალურ ქსელში ოხანაშვილმა.
თუმცა ოხანაშვილის ამბობს, რომ ბოდიშს ვერ მოიხდის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების წინაშე, რომლებიც მის სიტყვებს სრულიად მიზანმიმართულად უკავშირებენ ბუჩაში მომხდარ დანაშაულს და ამას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ.
„როგორ სპეკულაციებსაც არ უნდა მიმართონ, ისინი ვერაფრით გადაფარავენ საკუთარ დანაშაულებს საქართველოში, რომლებიც მათ შორის ადამიანების წამებაში, მკვლელობაში, ყაჩაღობასა და უამრავ სხვა უმძიმეს ქმედებაში გამოიხატა.
რა თქმა უნდა, რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინაში და იქ დამდგარ შედეგებზე სწორედ ის არის პასუხისმგებელი!“, – წერს ოხანაშვილი.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემეგ განუწყვეტლივ ბომბავს უკრაინის ქალაქებს, რის შედეგადაც დაღუპულია ათასობით ადამიანი.
მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა, რაც უკრაინელებმა რუსების მიერ ოკუპირებული ქალაქები გაათავისუფლეს. კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ ბუჩაზე უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი რამდენიმე დღის წინ დაიბრუნეს. ქალაქში შესულ ჟურნალისტებს და სამხედროებს ქუჩებში ასობით მოკლული ადამიანის ცხედარი დახვდათ. მათ ნაწილს ხელები ჰქონდა შეკრული. მოკლულ მშვიდობიან მოსახლეობას შორის იყვნენ ქალები და ბავშვებიც. მანამდე, რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს ქალაქი რუსი სამხედროების ხელში იყო. კიევის ოლქში მდებარე ქალაქ ბუჩაში სამოქალაქო პირების მკვლელობების ფაქტი მსოფლიოს არაერთმა ლიდერმა დაგმო და დაადანაშაულა რუსეთი ომის დანაშაულების ჩადენაში.