ახალი ამბები

ოხანაშვილი: უკრაინის მთავრობასთან ენმ-ის შუამავლობა არ გვჭირდება

6 აპრილი, 2022 • 1621
ოხანაშვილი: უკრაინის მთავრობასთან ენმ-ის შუამავლობა არ გვჭირდება

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას უკრაინის ხელისუფლებასთან შუამავლის სახით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ სჭირდება.

„წესი ასეთია, რომ ხელისუფლება ესაუბრება ხელისუფლებას და თუ ხელისუფლებას ექნებოდა კომუნიკაცია ხელისუფლებასთან, ეს პოზიციები გაიცვლებოდა, მაგრამ თუ ჩვენ შუამავალი უნდა გვყავდეს უკრაინის ხელისუფლებასთან, მაშინ მშვიდობაში მოახმაროთ უკრაინელებს ნაციონალური მოძრაობა. ჩვენი პოზიცია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ შუამავალი არ გვჭირდება ნაციონალური მოძრაობის სახით.

ამიტომ, კარგად თუ დაეხმარებიან ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები, ასწავლიან, რაც არ მგონია, მისაღები იყოს უკრაინის ხელისუფლებისთვის, როგორ ხდება გვამების შემოდება რუსთაველის მსგავსად, ალბათ, უკრაინაში. ეს გამოცდილება, არ მგონია, უკრაინის ხელისუფლებას სჭირდებოდეს და სურდეს, მაგრამ როდესაც კრიმინალი ადეიშვილი გიზის მოლაპარაკების მაგიდასთან, გასაკვირი მათი ნაბიჯები და ჩვენი შემდგომი რეაქცია ბევრისთვის არ უნდა იყოს“ ,- ამბობს ანრი ოხანაშვილი.

აღნიშნული განცხადება ოხანაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა. ჟურნალისტებმა დეპუტატს ჰკითხეს, როგორ გამოიყურება საქართველო საერთაშორისო პარტნიორების თვალში იმ ფონზე, როცა „ქართული ოცნება“ ზელენსკისა და მისი მთავრობის აფილირებას ახდენს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“:

„ჩვენ გამოვიყურებით ისე, როგორც საუბრობს ნედ პრაისი, და ძალიან კარგად იცით თქვენ, რომ საქართველომ ყველა საერთაშორისო ტრიბუნა გამოიყენა, მათ შორის, გაეროში [რუსეთის წინააღმდეგ]… აშშ-ის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა საქართველოს სწორ პოზიციონირებას საერთაშორისო ტრიბუნაზე. გამოვიყურებით ასე, ფაქტებით, სადაც საქართველო ყველა საერთაშორისო ტრიბუნას იყენებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და იმ ბინძური და მძიმე ქმედებების დასაგმობად, რასაც ადგილი აქვს უკრაინის ტერიტორიაზე“, – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ამჟამად უკრაინაში გენერალური პროკურორის მრჩევლის თანამდებობას იკავებს. ის საქართველოში რამდენიმე საქმეზეა მსჯავრდებული.

რაც შეეხება გია ლორთქიფანიძეს,  ის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, ვანო მერაბიშვილის მინისტრობისას. ამჟამად კი უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილეა. მას საქართველოში ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე. ლორთქიფანიძე ასევე ბრალდებულია 2011 წლის 26 მაისს რუსთაველზე დემონსტრანტების დარბევის საქმეზე.

ზურაბ ადეიშვილი კიევში ესწრებოდა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშრისო სასამართლოს პროკურორთან უკრაინის გენერალური პროკურორის შეხვედრას.

მასალების გადაბეჭდვის წესი