ახალი ამბები

60-მდე რუსმა ჯარისკაცმა უარი თქვა უკრაინაში ომში წასვლაზე |”ფსკოვსკაია გუბერნია”

7 აპრილი, 2022 • 2831
60-მდე რუსმა ჯარისკაცმა უარი თქვა უკრაინაში ომში წასვლაზე |”ფსკოვსკაია გუბერნია”

რუსეთის ქალაქ ფსკოვში 60-მდე სამხედრო მოსამსახურემ უარი თქვა უკრაინაში წასვლაზე და ომში მონაწილეობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას მედიაგამოცემა “ფსკოვსკაია გუბერნია” საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობითვე, უკრაინაში ომის პირველივე დღეების შემდეგ სამხედროები ბელარუსის რესპუბლიკაში იყვნენ გადაყვანილი, რის შემდეგაც ფსკოვში, საკუთარი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნდნენ.

“ამჟამად მათ დიდ ნაწილს სამსახურიდან ითხოვენ, ზოგიერთს კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ემუქრებიან”, – წერს “ფსკოვსკაია გუბერნია”.

გამოცემა “ფსკოვსკაია გუბერნია” რუსეთის ხელისუფლების მიერ იდევნება. უკრაინის ომის დროს გამოცემამ ფსკოველი დესანტების დაღუპვის შესახებ დაწერა. გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, 2022 წლის 5 მარტს გამოცემის რედაქციაში ОМОН [განსაკუთრებული დანიშნულების მობილური დანაყოფი] შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა. ოფისიდან წაღებულია ტექნიკა. ამჟამად გამოცემის ვებ-გვერდი დაბლოკილია, თუმცა “ფსკოვსკაია გუბერნია” ტელეგრამ არხის საშუალებით მუშაობს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შემდეგ, 40 დღეზე მეტია, რუსეთის ძალები ბომბავენ როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი