ახალი ამბებიეკონომიკა

უნგრეთი მზადაა, რუბლში იყიდოს რუსული გაზი — Reuters

6 აპრილი, 2022 • 8674
უნგრეთი მზადაა, რუბლში იყიდოს რუსული გაზი — Reuters

უნგრეთი მზადაა, რუსული გაზი რუბლში იყიდოს. აღნიშნულის შესახებ ოთხშაბათს, 6 აპრილს გახდა ცნობილი — იუწყება სააგენტო Reuters. ამ ფორმით ბუდაპეშტი ღიად ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრი არაერთი წევრის პოზიციას, რომელთაც უარი თქვეს ვლადიმერ პუტინის ულტიმატუმზე.

რუსულ გაზთან დაკავშირებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს პრესკონფერენციაზე, Reuters-ის ჟურნალისტმა ჰკითხა. საპასუხოდ ორბანმა თქვა, რომ უნგრეთი რუბლში გადაიხდის გადაზიდვების საფასურს, თუ რუსეთი ამას მოითხოვს.

თანხის გადახდის თარიღამდე რამდენიმე კვირით ადრე, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ კონტრაქტები, რომლებიც დოლარსა და ევროშია გაფორმებული, ასევე უნდა დარჩეს.

თავის მხრივ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირის ხელისუფალთ  „არავითარი როლი“ არ აქვთ რუსეთის მიერ უნგრეთისთვის გაზის მიწოდების შეთანხმებაში, რომელიც ეფუძნება ორმხრივ კონტრაქტს უნგრეთის სახელმწიფო კომპანია “MVM”-სა და რუსულ “გაზპრომს” შორის.

უნგრეთი ერთ-ერთია ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას შორის, რომლებიც შეეწინააღმდეგნენ მოსკოვისთვის ენერგეტიკული სანქციების დაწესებას მას შემდეგ, რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ.

უნგრეთის ხელისუფლება ევროპაში ენერგეტიკულად ყველაზე მეტადაა მიბმული რუსეთზე. გასულ წელს მან ხელი მოაწერა ახალ გრძელვადიან ხელშეკრულებას გაზის მიწოდებაზე, რომლის მიხედვითაც “გაზპრომი” ყოველწლიურად 4,5 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის უნგრეთს.

გასული კვირის ბოლოს უნგრეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში კვლავ მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტიამ გაიმარჯვა. დასავლურ მედიაში მას არაერთგზის მოიხსენიებენ ვლადიმერ პუტინის უახლოეს მოკავშირედ ევროკავშირში.

„გაზპრომის“ მონაცემებით, მისი გაყიდვების 58%-ის ანაზღაურება ხორციელდება ევროში, 39% – დოლარში, 3%-ისა კი – გირვანქა სტერლინგში.

რუსეთი ევროპის გაზის მოხმარების დაახლოებით 40%-ს აკმაყოფილებს – „როიტერსის“ ცნობით, დღიურად, ევროპული ქვეყნები 200-დან 800 მილიონამდე ევროს ეკვივალენტს უხდიან მოსკოვს ევროსა და დოლარში.

ამ ფონზე, გასულ კვირას ლიეტუვამ თქვა, რომ ამბობს უარს რუსული გაზის იმპორტზე. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ამ ფორმით ლიეტუვა გახდა “ევროკავშირის პირველი ქვეყანა გაზპრომის მიმწოდებელ ქვეყნებს შორის, რომელმაც მოიპოვა დამოუკიდებლობა რუსული გაზით მომარაგებისგან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი