საზოგადოება

უარს ვამბობთ რუსული გაზის იმპორტზე — ლიეტუვა

2 აპრილი, 2022 • 2889
უარს ვამბობთ რუსული გაზის იმპორტზე — ლიეტუვა

ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა ამბობს უარს რუსული გაზის იმპორტზე. შესაბამისი განცხადება უწყების ვებგვერდზე 2 აპრილს გამოქვეყნდა.

სამინისტროს თქმით, რუსული გაზისაგან სრული ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ მისწრაფების ფონზე, ასევე, რუსეთის მიერ ევროპის “ენერგეტიკული შანტაჟისა” და უკრაინაში ომის საპასუხოდ, ლიეტუვამ მთლიანად თქვა უარი რუსულ გაზზე.

ენერგეტიკის მინისტრი დაინიუს კრეივისი ამბობს, რომ ეს არის გარდამტეხი მომენტი ლიეტუვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ისტორიაში.

“ჩვენ ვართ ევროკავშირის პირველი ქვეყანა გაზპრომის მიმწოდებელ ქვეყნებს შორის, რომელმაც მოიპოვა დამოუკიდებლობა რუსული გაზით მომარაგებისგან. ეს არის მრავალწლიანი თანმიმდევრული ენერგოპოლიტიკისა და დროული ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების შედეგი”, — აღნიშნავს ის.

სამინისტრო აღიშნავს, რომ გაზმომარაგებასთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია ლიეტუვის ქალაქ კლაიპედას თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტერმინალის მეშვეობით, რომელმაც 2014 წლის დეკემბერში დაიწყო ფუნქციონირება.

უწყების თქმით, აუცილებლობის შემთხვევაში გაზის მიწოდება ასევე იქნება შესაძლებელი ლატვიიდან, ხოლო პირველი მაისიდან —  პოლონეთიდანაც.

ამ საკითხზე მოკლე განცხადება ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამაც გამოაქვეყნა “ტვიტერზე”:

“ამ თვიდან –  აღარანაირი რუსული გაზი ლიეტუვაში. წლების წინ ჩემმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს გვაძლევს საშუალებას, რომ ყოველგვარი ტკივილის გარეშე გავწყვიტოთ ენერგეტიკული კავშირები აგრესორთან. თუ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, დანარჩენ ევროპას შეუძლია, ეს გააკეთოს”.

მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, ლიეტუვის გავლით რუსეთის ექსკლავ კალინინგრადის ოლქში გაზის ტრანზიტი გაგრძელება. ეს უკანასკნელი ლიეტუვას ესაზღვრება.

მანამდე, 23 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია „არამეგობრულ“ ქვეყნებს გაზს მხოლოდ რუბლში მიჰყიდის. აღნიშნულ სახელმწიფოებს შორის ევროკავშირის ქვეყნებიც არიან.

რუსული გაზის საფასურის რუბლით გადახდა 31 მარტიდან არ დაიწყება — პესკოვი

მასალების გადაბეჭდვის წესი