ახალი ამბები

კანონპროექტით, სტუდენტებს მასწავლებელთა მომზადების კურსების გავლა შეეძლებათ

6 აპრილი, 2022 • 788
კანონპროექტით, სტუდენტებს მასწავლებელთა მომზადების კურსების გავლა შეეძლებათ

საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებული კანონპროექტით, ბაკალავრიატის სტუდენტებს სწავლის პარალელურად შეეძლებათ, მასწავლებლის მომზადების პროგრამა გაიარონ და დიპლომთან ერთად, მასწავლებლად მუშაობის უფლება მოიპოვონ.

ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა გააკეთა. მისი თქმით, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი იწყებს საკითხის განხილვას, რომელიც შეეხება სტუდენტებისთვის საბაკალავრო საფეხურზე სწავლების ფარგლებში მასწავლებლების მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შესაძლებლობას:

„საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტს შეეძლება, სწავლის განმავლობაში აირჩიოს და გაიაროს მასწავლებლის მომზადების პროგრამა და სწავლის დამთავრების შემდგომ, პროფესიის ბაკალავრის დიპლომთან ერთად, ასევე მოიპოვოს მასწავლებლად მუშაობის უფლება.

შესაძლებელი გახდება მასწავლებლის მომზადება და პროფესიაში უფრო მცირე დროში შესვლა, კურსდამთავრებულებს დასაქმების კუთხით მოტივაცია გაეზრდებათ, ასევე, აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლების მომზადებას ე.წ. სტემ (ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო) საგნებში, სადაც დღეს გვაქვს გამოწვევები“, – ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი