ახალი ამბები

ინჯია ითხოვს, გამარტივდეს წესები საქართველოდან წასული ემიგრანტებისთვის მოქალაქეობის მისაღებად

6 აპრილი, 2022 • 1281
ინჯია ითხოვს, გამარტივდეს წესები საქართველოდან წასული ემიგრანტებისთვის მოქალაქეობის მისაღებად

„ევროპელი სოციალისტები“ ქართველი ემიგრანტებისა და მათი შვილებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივების ინიციატივით გამოდიან.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ინიცირებული ცვლილებების პაკეტი პარტიის წევრებმა, ფრიდონ ინჯიამ და ავთანდილ ენუქიძემ, დღეს, 6 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე მედიის წარმომადგენლებს გააცნეს.

განმარტებითი ბარათის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული პროცედურით მიღება უნდა შეეძლოთ:

  • აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს და მათ შვილებს, რომლებმაც კონფლიქტის შედეგად დატოვეს ქვეყნის ტერიტორია;
  • საქართველოში 1991 წლის 21 დეკემბრამდე დაბადებულ პირებს და მათ შვილებს, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ 1991 წლის 21 დეკემბრამდე;
  • 1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაბადებულ პირს, რომელსაც 2009 წლის 1 იანვრამდე უცხოვრია საქართველოში და რიგი გარემოებების გამო იძულებით მოუწია ქვეყნის დატოვება.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონში უნდა არსებობდეს დათქმები, რომელიც გაამარტივებს იმ ადამიანებისთვის მოქალაქეობის მიღებას, რომელთაც სურთ, რომ დაუბრუნდნენ ისტორიულ ფესვებს. კერძოდ, მათთვის არ უნდა არსებობდეს ისეთი შეზღუდვები და ბარიერები, როგორიცაა:

  • ტესტირება სახელმწიფო ენაში,
  • საქართველოს ისტორიაში,
  • სამართლის საფუძვლებში.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი, ან სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი, საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად უნდა იცოდეს საქართველოს სახელმწიფო ენა და საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.

ფრიდონ ინჯიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში არის ისეთი დათქმები, რომლებიც თეორიულად თითქოს ამარტივებს მოქალაქეობის მიღების პროცედურებს, პრაქტიკული თვალსაზრისით, აღნიშნული ჩანაწერები სრულად ვერ უზრუნველყოფენ მის ეფექტურ რეალიზაციას.

„მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი პოლიტიკის გატარება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას და დემოგრაფიული საკითხის გაუმჯობესებას“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ფრიდონ ინჯიამ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის მონაცემების შესახებ ისაუბრა, რომლის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 3.728,573 კაცს შეადგენს.

მისი თქმით, მოსახლეობის რიცხოვნობის ამსახველი ეს რიცხვები, მკაფიოდ ასახავს ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ და მიგრაციულ მწვავე პრობლემებს.

„ემიგრაციის გაზრდილ მაჩვენებელთან ერთად, შესამჩნევია ემიგრანტების დაბრუნების კლებადი ტენდენციაც. სახელმწიფო ვალდებულია დააბრუნოს და დაიცვას თითოეული ადამიანი, რომელიც გაექცა ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ, კონფლიქტურ ვითარებას, ან იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა. ამასთანავე, სახელმწიფომ უნდა მისცეს მათ საქართველოში დაბრუნების საშუალება და მოტივაცია“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი