ავტორი: მარიანა კოტოვა, სოხუმი
დღეს აფხაზეთში ბევრი მოქალაქე ამბობს, რომ “ჩვენ ისედაც იზოლირებული და სანქციების ქვეშ ვართ, ამიტომ ის, რაც ხდება მსოფლიოში, ვერ შეგვაშინებს”. თუმცა უკრაინაში ომმა აჩვენა, რომ აფხაზეთი, რომელიც საკუთარ თავს დამოუკიდებელ ქვეყნად წარმოაჩენს, მაინც მსოფლიო ტენდენციებზეა დამოკიდებული.
ეკონომიკური გავლენა
რუსული რუბლის ზონაში მყოფი აფხაზეთი მიბმულია ყველა იმ პროცესზე, რომელიც სავალუტო ბაზარზე არსებობს. რუსეთთან საკმაოდ ღრმა ეკონომიკური ინტეგრაცია კი აფხაზეთს საშუალებას აძლევდა, შეუზღუდავად მიეღო რუსეთისთვის ხელმისაწვდომი ყველა პროდუქცია.
თუმცა რუსეთი აფხაზეთისთვის ერთადერთი იმპორტიორი არ ყოფილა. სავაჭრო ურთიერთობები აფხაზეთს გააჩნია თურქეთთან და ქართულ მხარესთანაც კი, თუმცა – არაოფიციალური.
დღეს რამდენიმე სავაჭრო პუნქტი სოხუმის ბაზარზე მხოლოდ ენგურს გაღმა ნაყიდი და იქიდან ჩამოტანილი საქონლით ვაჭრობს. სოხუმის მშვიდობის მოედანზე კი მუშაობს მაღაზია, სადაც საქართველოდან ჩამოტანილი ფეხსაცმლის ყიდვა შეიძლება.
ამის შესახებ აფხაზეთში ხმამაღლა არავინ საუბრობს, რადგან ყველა კმაყოფილია. ბიზნესიც ვითარდება და მომხმარებელიც შეღავათიან ფასში ხარისხიან ნივთს ყიდულობს.
მაგრამ ყველა მსგავსი შემთხვევაა კერძო ბიზნესია და აფხაზეთის ეკონომიკაზე გავლენას არ ახდენს.
თუმცა დღეს აფხაზეთში უფრო მნიშვნელოვან საკითხად მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ თუნდაც გარკვეული დროით შეიძლება შეწყდეს სტრატეგიული პროდუქციის – სასუქის, პესტიციდების, წამლებისა და დანადგარების შემოტანა რუსეთიდან.
აწყობილი მიწოდების ჯაჭვი უკვე გაწყდა. მაგრამ ჩვეული პროდუქციის სანაცვლოდ უკვე შემოვიდა ალტერნატიული. დღეს ეს კარგად ჩანს აფხაზეთის აფთიაქებში ვიტამინებისა და კოსმეტიკის დახლებზე, სადაც ადრე აშშ-ის და ევროპული წარმოების პროდუქცია იყო განთავსებული, ახლა კი, ძირითადად, თურქულით ჩანაცვლდა.
რა ბედი ეწევა ავტომობილებს, ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა, სავარაუდოდ, ავტონაწილების შავი ბაზარი [საქართველოდან არალეგალურად შემოტანილი] ისევ დაიწყებს აღორძინებას.
თუმცა რუსეთისთვის დაწესებულ შეზღუდვებს დადებითი მხარეც აქვს აფხაზეთისთვის. ყველანი, ვინც აფხაზეთში დაკავშირებულია ტურისტულ ბიზნესთან, თანხმდებიან, რომ რუსეთის იზოლაცია, აშშ დოლარის კურსის ზრდა და ინფლაცია, რომელიც რუსების აბსოლუტურ უმრავლესობას გააღარიბებს, აფხაზეთის საკურორტო სეზონს ააყვავებს, რადგან რუსეთის მოქალაქეები განვითარებული კურორტების ნაცვლად აფხაზეთში იაფად დასვენებას აირჩევენ.
აფხაზი ტუროპერატორების მონაცემებით, 2022 წლის ივლის-აგვისტოში აფხაზეთში სასტუმროების 80%-ზე მეტი უკვე დაჯავშნილია.
თავის მხრივ, ამან უკვე გაზარდა აფხაზეთში დასვენების ფასები. მაგალითად, იქ, სადაც სასტუმროს ნომერი 3000 რუსული რუბლი [36 აშშ დოლარი] ღირდა, ახლა 3500 რუბლი გახდა [42 აშშ დოლარი]. ბუნებრივია, პარალელურად გაიზრდება ტრანსფერისა და კვების ღირებულებაც.
თუმცა, ჯერჯერობით, აფხაზეთი მხოლოდ რუსი ტურისტების გარკვეულ რაოდენობას იზიდავს. აქ რუსების მასობრივი ნაკადი, მაგალითად, როგორც საქართველოშია, არ არის. რეჟიმისგანაც აქ არავინ გამორბის. თუმცა აფხაზეთში უკვე ჩაშვებულია “რელოკაციის პროგრამა” – რუსებს სთავაზობენ შეღავათიან შრომით პირობებს, საჭირო დოკუმენტების გაფორმებაში დახმარებას, საცხოვრებლის მოძებნას, საერთო სამუშაო სივრცის შეთავაზებას უწყვეტი ელექტრონერგიითა და ინტერნეტით.
რუსეთში დღეს დაბლოკილია ის სერვისები, სადაც მუშაობს დიდი რაოდნობით IT- სპეციალისტი, აფხაზეთში კი ხელმისაწვდომია. ამიტომაც ამ ჯგუფისთვისაც შეიძლება აფხაზეთი მიმზიდველიც გახდეს.
სამხედრო დახმარება
როგორ გავლენას იქონიებს უკრაინაში ომი აფხაზეთზე, ამის შესახებ საუბრისგან აქ თავს იკავებენ. ომსაც დიდი სიფრთხილით “სპეცოპერაციას” უწოდებენ. უკრაინაში აფხაზეთიდან საომრად დაახლოებით ორასი აფხაზი გაემგზავრა.
მოსკოვიდან სამუშაო ვიზიტის შემდეგ დაბრუნებულმა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ თავდაცვის სამინისტროს დაავალა რუსეთის არმიის სამხედრო მხარდაჭერა. იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთს რაიმე ტექნიკური უზრუნველყოფა არ შეუძლია ამ ომში, ეს “დახმარება” მხოლოდ ერთს ნიშნავს – ჯარისკაცებს.
დონბასში გაგზავნილი ერთ-ერთი ჯარისკაცის ცოლი გვიყვება, რომ ქმრის დაღუპვის შესახებ შეტყობინებას ყოველდღე ელის.
“ყოველ საღამოს ვმარხავ ფიქრებში და მეც მასთან ერთად ვკვდები, მაგრამ დილით ვიღებ სმს-ს, რომ ცოცხალია და შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყება”,- გვიამბობს უკრაინაში საომრად წასული აფხაზი ჯარისკაცის ცოლი.
ქმრის სურვილს, წასულიყო ომში სხვა მიწაზე, ცოლი იმით ხსნის, რომ ამ გზით ის ვალს იხდის რუსი მოხალისეების წინაშე, რომლებიც ქართულ-აფხაზურ ომში ეხმარებოდნენ აფხაზებს.
“ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა არის ომი. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ დავიცვათ ჩვენი მშვიდობა, ჩვენი ქმრები სადღაც მიდიან საომრად. იქნებ მართლა ასეა საჭირო და იქ რომ არ იბრძოლონ, მერე აქ მოუწევთ ბრძოლა?! ან იქნებ მე ვიმშვიდებ ასე თავს? მაგრამ თუ ჩვენს ქმრებს დავკარგავთ იქ, ეს იქნება აუნაზღაურებელი დანაკარგი. აფხაზებისთვის ერთი დაღუპული ჯარისკაციც უკვე ძალიან ბევრია”.
მონაწილეობა ინფორმაციულ ომში
რეალურ ომთან ერად საინფორმაციო ომიც მიმდინარეობს და აფხაზეთში ეს ფრონტიც გახსნილია.
2022 წლის 29 მარტს სოხუმში გაიხსნა აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრი. როგორც მინისტრი ინალ არძინბა აცხადებს, ცენტრის მიზანი აფხაზეთზე ცნობადობის გაზრდა და ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლაა. ცენტრის გახსნას სოხუმში რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების, “Russia Today”-ს და Sputnik-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანიც ესწრებოდა. ამიტომაც მოსახლეობის გათვითცნობიერებული ნაწილისთვის გასაგებია, მუშაობის რა ვექტორს აირჩევს აღნიშნული ცენტრი. მედიაცენტრის თანამშრომლების თქმით, ისინი აქტიურად გაავრცელებენ ინფორმაციას სოციალურ ქსელებში, მაგრამ დღეს რუსეთში ოფიციალურად, დაბლოკილია ფეისბუკი და ინსტაგრამი.
აფხაზეთს ეს ბლოკირება არ შეხებია და, შესაბამისად, საზოგადოებრივი საქმიანობა და ყველა ინიციატივა სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება.
2022 წლის 4 აპრილს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა, მწერალმა და ჟურნალისტმა ნადეჟდა ვენედიქტოვამ გამოაქვეყნა ღია წერილი, მოწოდებით “შეწყვიტონ ომი უკარაინაში”. წერილს ხელს აწერენ სხვა აფხაზი სამოქალაქო საზოგადოების წევრებიც. მისი გამოქვეყნების შემდეგ კი მაშინვე გაჩნდა კომენტარები შინაარსით, რომ ომის წინააღმდეგ გამოდიან არასამთავრობო ორგანიზაციების, ანუ “დასავლელი ჯაშუშები”. აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ხშირად ხდებიან “სამშობლოს გამყიდველები” და არასამთავრობოებთან რაიმე კავშირი “სტრატეგიული პარტნიორის ღალატს” უდრის. მომავალში კი ეს თანამშრომლობა შეიძლება ბევრად მძიმე ბრალდების – სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველიც გახდეს.
პოლიტიკური გავლენა
დღეს სოხუმში უკვე საუბრობენ იმის შესახებ, რომ შესაძლოა, აფხაზეთი სამოკავშირეო სახელმწიფოს [ბელარუსისა და რუსეთის კავშირი] შემადგენლობაში შევიდეს. ეს საკითხი პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და მარგარიტა სიმონიანის შეხვედრაზე იხლებოდა.
ამასთან, არ არის გამორიცხული, სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ, აფხაზეთის რუსეთთან ინტეგრაციის საკითხიც დადგეს. მით უმეტეს, რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესი აფხაზეთში უკვე დაწყებულია.
ასლან ბჟანიასა და მარგარიტა სიმონიანის შეხვედრაზე განიხილეს ასევე მდინარე ფსოუზე – რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე გამარტივებული გადაკვეთის პერსპექტივა. ამის მომხრეა ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბაც.
ყველაფერი ეს მეტყველებს იმაზე, რომ უკრაინა აფხაზეთისთვის ვერ ჩაივლის უკვალოდ, არც ეკონომიკის და არც პოლიტიკის კუთხით.