ახალი ამბები

კონგრესმენების მკაცრი კითხვები პენტაგონს რუსეთის საკითხზე

6 აპრილი, 2022 •
კონგრესმენების მკაცრი კითხვები პენტაგონს რუსეთის საკითხზე

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა „ამერიკის ხმის“ ვებსაიტზე

ანი ჩხიკვაძე, ამერიკის ხმა

დღეს, 6 აპრილს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის შეიარაღებული ძალების კომიტეტში, 2023 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტის მოთხოვნის განხილვაზე, თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი და გენშტაბის ხელმძღვანელთა გაერთიანებული სარდლობის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი წარდგნენ.

პენტაგონის ხელმძღვანელი და ამერიკის წამყვანი გენერალი კანონმდებელთა კითხვებს პასუხობდნენ. შეკითხვების უმეტესობა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და შეერთებული შტატების სამხედრო უნარიანობას შეეხო.

საკუთარ გამხსნელ გამოსვლაში თავდაცვის მდივანმა თქვა: „რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას ისტორიული გამოწვევის წინაშე აყენებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები ევროპის უსაფრთხოების ყველა მიმართულებით.

აღნიშნული გაიზიარა ასევე, გენერალმა მილიმ. „რუსეთის შეჭრა უკრაინაში საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას და სტაბილურობას, რომლის დასაცავადაც ჩემი მშობლები და ამერიკელთა თაობები თავდაუზოგავად იბრძოდნენ“, – აღნიშნა მან.

თავდაცვის მდივანმა ისაუბრა ამერიკის დახმარების შესახებ უკრაინის მიმართ. თავდაცვის მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ მოახერხა, რუსი სამხედროების წინააღმდეგ ეფექტურად გამოეყენებინა სტინგერები და ჯაველინის სარაკეტო სისტემები.

„ჩვენ ვსწავლობთ… რა სურთ უკრაინელებს. ჩვენ მათ ყოველდღიურად ვესაუბრებით. [დახმარება] იქნება უმეტესწილად იმის გამეორება, რაც უკვე გადავეცით, თუმცა ჩვენ განვიხილავთ ისეთ რამეებს, რაც მათ მისცემთ ბრძოლაში უპირატესობას. და თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ დავიწყეთ მათი [შეარაღების] გადაცემა“, – თქვა ოსტინმა.

გენერალმა მილიმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები იზიარებს მოსაზრებას, რომ რუსეთთან დაპირისპირება რეგიონში დიდხანს გაგრძელდება.

„[ეს] უნდა გავზომოთ წლებში. არ ვიცი, ათწლეულებში თუ არა, თუმცა, წლებში ნამდვილად… ვფიქრობ, ნატო, შეერთებული შტატები, უკრაინა და ყველა მოკავშირე და პარტნიორი, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ, ამაში დიდხანს იქნებიან ჩართულნი“, – თქვა მან.

თავდაცვის მდივანმა და გენერალმა მილიმ დაადასტურეს, რომ შეერთებული შტატები წვრთნის უკრაინელებს, მათ შორის, შეერთებულ შტატებში, თუმცა, მათი თქმით, წვრთნები არ იმართება უკრაინის თუ პოლონეთის შიგნით.

თავდაცვის მდივანმა ასევე ისაუბრა საქართველოზე. მან თქვა, რომ შეერთებული შტატები განიხილავს გზებს, თუ როგორ მიაწოდოს დამატებითი დახმარება ნატოს არაწევრ მოკავშირეებს, მათ შორის, საქართველოს.

შეკითხვაზე, განიხილება თუ არა, უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის მუდმივი წარმომადგენლობის განთავსება, მილიმ თქვა, რომ მისი რჩევა „არა მუდმივი ძალების, არამედ მუდმივი ბაზების შექმნაა“, სადაც სამხედროების როტაცია მოხდება.

„მე მჯერა, რომ ბევრი ევროპელი მოკავშირე, განსაკუთრებით- ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, რუმინეთი და სხვები, ძალიან, ძალიან მოსურნენი არიან მუდმივი ბაზების შექმნისა. ისინი მათ ააშენებენ, მათთვის გადაიხდიან“, – თქვა გენერალმა.

კონგრესმენებმა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს მწვავე კითხვები დაუსვეს იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ მოახერხა ვაშინგტონმა მოსკოვის შეკავება. ოსტინმა და მილიმ აღნიშნულზე საპასუხოდ განაცხადეს, რომ მათი აზრით, ეს მოხდებოდა ადგილზე ამერიკული სამხედროების განთავსების გზით, თუმცა ეს ქმნიდა  რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების რისკებს.

კომიტეტში გამოსვლისას ამერიკის თავდაცვის წამყვანმა პირებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად შეიარაღების კუთხით უპირატესობისა, რუსეთმა ვერ მოახერხა მისი უნარების ეფექტური გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ და მოუწიათ, უკრაინის მოულოდნელად მტკიცე თავდაცვასთან გამკლავება.

მთავარ ფოტოზე: თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი და გენერალი მარკ მილი/Reuters

მასალების გადაბეჭდვის წესი