ახალი ამბები

დეკანოიძე განმარტავს როგორ უნდა მოიქცეს მთავრობა უკრაინული დაზვერვის საპასუხოდ

5 აპრილი, 2022 • 1648
დეკანოიძე განმარტავს როგორ უნდა მოიქცეს მთავრობა უკრაინული დაზვერვის საპასუხოდ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ძალიან მძიმე მოსასმენია, რომ საქართველოს ხელისუფლებას შესაძლებელია არაკანონიერი დერეფნები ჰქონდეს, რომელიც ხელს უწყობს, სანქციებში მოყოლილი პროდუქცია რუსეთში მოხვდეს, ამიტომ თავადაც კონკრეტულ მტკიცებულებებს ელოდება.

დეკანოიძის თქმით, ის, რომ „ქართულ ოცნებას“  უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფრომაცია გადაჰყავს შიდა დაპირისპირებაში, მათი მხრიდან თავის მართლებაა.

ამასთან, დეკანოიძე საქართველოს ხელისუფლებას კითხვით მიმართავს, ჰქონდათ თუ არა  კომუნიკაცია უკრაინაში თავიანთ კოლეგებთან, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, თუ რა ინფორმაციაზეა საუბარი.

„საქართველოს ხელისუფლების ადგილზე რომ ვიყო, შემდეგნაიარად მოვიქცეოდი:

  • აუცილებლად მექნებოდა კონტაქტი უკრაინაში იმ ძალოვანი უწყებების თანამშრომლებთან, ვინც ამაზე საუბრობს. უკრაინასთან ორმხრივი თანამშრომლობა გვაქვს,  უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა და, რა თქმა უნდა, ასეთი ინფორმაციის გაცვლა ორმხრივ ფორმატში უნდა მოხდეს, ეს ურთიერთანამშრომლობა უნდა შედგეს.
  • შევქმნიდი სპეციალურად პატარა საგამოძიებო ჯგუფს, უკრაინელ და საერთაშორისო ექსპერტებს მოვიწვევდი, თუ რა ინფორმაცია აქვთ და რატომ მოდის ასეთი მძიმე ინფორმაცია უკრაინის სამხედრო დაზვევრვიდან.
  • საზოგადოებას ყველა ინფორმაციას საჯაროდ წარვუდგენდი“, – ამბობს ხატია დეკანოიძე.

მისი თქმით, თუ  საქართველოს ხელისუფლება თავდაცვის რეჟიმში იქნება და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ბრალდებებზე ისაუბრებს, ეს სერიოზულ ეჭვებს გააჩენს.

„უკრაინაში უკრაინელი ხალხის წარმოუდგენელი გენოციდი ხდება. უკრაინის პრეზიდენტი, სამხედრო დაზვერვა, ყველა არის უმძიმესი სამხედრო აგრესიის მოწმე და თუ ვინმეს ჰგონია, განსაკუთრებით უმრავლესობას, რომ ვინმეს საქართველოს შიდა დაპირისპირებისთვის სცალია, ეს არის სრული აბსურდი.

ამიტომ, კარგად უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება. პროცესში ჩართონ უკრაინული მხარე და წარმოადგინონ კონკრეტული მტკიცებულებები, რადგან ეს არის ძალიან მძიმე ინფორმაცია ქვეყნისთვის“, – განაცხადა დეკანოიძემ.


გუშინ, 4 აპრილს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ქვეყანაში სანქცირებული პროდუქტის შეტანას საქართველოს გავლით, კონტრაბანდის სახით გეგმავს, საქართველოს “პოლიტიკური ხელმძღვანელობა” კი კონტრაბანდისტების საქმიანობას ხელს აფარებს.

საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება — უკრაინის დაზვერვა

მასალების გადაბეჭდვის წესი