ახალი ამბები

საჭიროა მტკიცებულებები, თუ ეს არ იქნება, უკრაინულმა მხარემ ბოდიში უნდა მოიხადოს – ვაშაძე

5 აპრილი, 2022 • 3233
საჭიროა მტკიცებულებები, თუ ეს არ იქნება, უკრაინულმა მხარემ ბოდიში უნდა მოიხადოს – ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განცხადება უმძიმესი ბრალდებაა, რომელსაც მტკიცებულებები სჭირდება.

უკრაინული დაზვერვის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება, რაც გულისხმობს რუსეთისთვის აკრძალული ნაწარმის მიწოდებაში, მათ შორის იგულისხმება სამხედრო დანიშნულების პროდუქცია.

როგორც ვაშაძე ამბობს, თუ უკრაინული მხარე მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენს, მაშინ ბოდიში უნდა მოიხადოს.

ამასთან, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აქტიური ქმედებებია საჭირო, მათ შორის, პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურებთან ერთად დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს სრულფასოვანი შესწავლა იმ ტვირთების, რომელიც საქართველოს გავლით რუსეთის მიმართულებით გაედინება.

„თუ ეს არის ტყუილი, ეს არის მძიმე ბრალდება და ამას შესაბამისი რეაქცია ექნება, მათ შორის, ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდანაც, მაგრამ ამას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯები, ქართული სპეცსამსახურების თანამშრომლობა ევროპულ, ბრიტანულ, ამერიკულ სპეცსამსახურებთან, რომ დეტალურად მოხდეს ამის შესწავლა. თუ ეს ტყუილია, მაშინ მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი განმარტება უკრაინის მხრიდან, თუ საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, დღეს სანქციების გვერდის ავლას მთელი მსოფლიო ამონიტორინგებს და ამიტომ ეს საკითხი დამალული ვერ დარჩება.

„მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, პოლიტიკაში ვარ საქართველოში და ამიტომ, ყოველთვის სახელმწიფო ინტერესებს დავიცავ. ველოდები მტკიცებულებებს, „ქართული ოცნების“ მართული სუს-ის მხრიდან ნაბიჯების გადადგმას, რომ დასავლური სპეცსამსახურები მოიწვიონ. ამ საკითხს უნდა გამოძიება, მტკიცებულებები.

თუ ეს არ იქნება, უკრაინულმა მხარემ განცხადება უკან უნდა წაიღოს და, რა თქმა უნდა, ბოდიში მოიხადოს, მაგრამ ამას „ქართული ოცნების“ მხრიდან ბრტყელი განცხადებები კი არ სჭირდება, არამედ კონკრეტული ქმედებების განხორციელება და დასავლელ პარტნიორებთან ერთად ყველა ტვირთის დეტალური მონიტორინგი“, – განაცხადა ვაშაძემ.


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთი ქვეყანაში სანქცირებული პროდუქტის შეტანას საქართველოს გავლით, კონტრაბანდის სახით გეგმავს, საქართველოს “პოლიტიკური ხელმძღვანელობა” კი კონტრაბანდისტების საქმიანობას ხელს აფარებს.

საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება — უკრაინის დაზვერვა

მასალების გადაბეჭდვის წესი