ახალი ამბები

დაკავებულია ექთანი, რომელმაც აუცრელი პირი აცრილების ბაზაში დაარეგისტრირა — საგამოძიებო

5 აპრილი, 2022 • 590
დაკავებულია ექთანი, რომელმაც აუცრელი პირი აცრილების ბაზაში დაარეგისტრირა — საგამოძიებო

სამართალდამცავებმა დააკავეს 2 პირი, რომლებმაც აუცრელი მოქალაქე კოვიდვაქცინირებულთა ბაზაში 150 ლარის სანაცვლოდ დაარეგისტრირეს. დაკავებულთაგან ერთი არის ექთანი, რომელიც თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მოქალაქეებს კოვიდზე ცრიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრის საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გამოძიების ინფორმაციით, ექთანმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად, მოქალაქეს გამოართვა 150 ლარი, რის სანაცვლოდაც, აცრის შესაბამისი პროცედურის განხორციელების გარეშე, დაამზადა „COVID-19“ აცრის ყალბი ბარათი, თითქოსდა მოქალაქე აიცრა „Pfizer-ის“ ვაქცინით. ამავდროულად, ბრალდებულებმა, აღნიშნული ყალბი ბარათის საფუძველზე, მოქალაქე დაარეგისტრირეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ბაზაში, როგორც ვაქცინირებული პირი.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით (ჯგუფურად კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღება), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი