უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკის პასუხად, გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა დაიცვა თავისი გადაწყვეტილება 2008 წელს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების დაბლოკვის შესახებ.

„ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი მხარს უჭერს თავის გადაწყვეტილებებს 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტთან დაკავშირებით“, — განუცხადა გადამდგარი კანცლერის სპიკერმა საინფორმაციო სააგენტო DPA-ს.

მერკელის სპიკერმა ასევე თქვა, რომ ყოფილი კანცლერი მხარს უჭერს საერთაშორისო ძალისხმევას უკრაინაში რუსეთის აგრესიის დასასრულებლად.

„იმ სისასტიკის გათვალისწინებით, რომელიც ახლა უკვე ჩანს ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში, ყოფილი კანცლერი სრულად უჭერს მხარს ყველა ძალისხმევას, რათა ბოლო მოეღოს ბარბაროსობას და რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ“, — განუცხადა პრეს-მდივანმა საინფორმაციო სააგენტო DPA-ს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს ბუქარესტის სამიტის 14 წლისთავზე, რუსეთის დაყვავების პოლიტიკის შედეგების სანახავად, გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ბუჩაში დაპატიჟა.

„ვიწვევ ქალბატონ მერკელს და ბატონ სარკოზის, ესტუმრონ ბუჩას და ნახონ, სადამდე მიგვიყვანა 14 წლის განმავლობაში რუსეთისთვის დათმობის პოლიტიკამ. საკუთარი თვალებით ნახონ დატანჯული უკრაინელი ქალები და კაცები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ ნატოს 14 წლის წინ ჰქონდა შესაძლებლობა, უკრაინა „ნაცრისფერი ზონიდან“ აღმოსავლეთ ევროპაში გაეყვანა, მაგრამ ეს არ გააკეთა.

ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, აშშ-სა და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებისგან განსხვავებით, გერმანიამ და საფრანგეთმა მხარის არ დაუჭირეს საქართველოსთვის და უკრაინისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას. სამიტის დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები.