ახალი ამბებისამართალი

3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება მძღოლს, რომელიც 8 წლის ბავშვს დაეჯახა

1 აპრილი, 2022 • 5544
3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება მძღოლს, რომელიც 8 წლის ბავშვს დაეჯახა

საქართველოს პროკურატურამ, თბილისში, შარტავას ქუჩაზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე, რომლის დროსაც არასრულწლოვანმა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის განცხადებით, პირს, რომელიც „BMW“-ს მარკის ავტომობილს გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა, ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილი ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 5 წლამდე.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შემთხვევის შედეგად დაშავებულ 8 წლის ბავშვს ფეხის ამპუტაციის ოპერაცია ჩაუტარდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი