ახალი ამბები

კულება არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ ბელგოროდის ნავთობბაზა უკრაინელებმა დაბომბეს

1 აპრილი, 2022 • 1491
კულება არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ ბელგოროდის ნავთობბაზა უკრაინელებმა დაბომბეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ თქვა, რომ „ვერც უარყოფს და ვერც ადასტურებს“ უკრაინის მონაწილეობას რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ნავთობბაზაზე თავდასხმაში.

„მე არ შემიძლია არც დავადასტურო და არც უარვყო მტკიცება, რომ ამაში უკრაინა იყო ჩართული მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვფლობ სამხედრო ინფორმაციას“, — განაცხადა Reuters-ის ცნობით კულებამ პოლონეთში გამართულ ბრიფინგზე.

გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა რუსეთის ქალაქ ბელგოროდში მდებარე ნავთობბაზაზე, სადაც ნავთობის 8 საცავი იწვის, მიმდებარე ქუჩების მოსახლეობა კი დროებით გაიყვანეს საცხოვრებელი სახლებიდან.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ირწმუნება, რომ ნავთობბაზა ორმა უკრაინულმა ვერტმფრენმა დაბომბა. თავად უკრაინას ჯერჯერობით არ დაუდასტურებია აღნიშნული ინფორმაცია.

კრემლის პრესპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიაწოდეს ინფორმაცია ბელგოროდის მოვლენების შესახებ და „მიიღება ზომები, რათა მოხდეს საწვავის მიწოდების ჯაჭვების რეორგანიზაცია“.

ჟურნალისტების კითხვაზე, ბელგოროდის შემთხვევა არის თუ არა კონფლიქტის ესკალაცია, პესკოვმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, ეს არ არის ის, რაც შეიძლება აღქმული იყო, როგორც კომფორტული პირობების შექმნა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად“.

პესკოვმა უარი განაცხადა, შეაფასოს ნავთობის საცავზე საჰაერო თავდასხმა.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომპეტენცია არ არის შეფასების გაკეთება. ეს უნდა გააკეთონ პროფესიონალებმა. საჰაერო უპირატესობა ოპერაციის დროს აბსოლუტური ფაქტია. რაც შეეხება მომხდარს, შეფასება ჩვენ კი არა, სამართალდამცავმა უწყებებმა უნდა გააკეთონ“, — თქვა პესკოვმა.

ბელგოროდი რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს და არის უახლოესი რუსული ქალაქი უკრაინის ქალაქ ხარკოვიდან. ნავთობბაზაზე ხანძარს რამდენიმე დღით ადრე წინ უძღოდა ასევე ბელგოროდში ხანძარი იარაღის საწყობში. მაშინ რუსეთის ხელისუფლებამ თქვა, რომ ეს „ადამიანურმა ფაქტორმა“ გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი