ახალი ამბები

აშკარაა, პრეზიდენტმა უკან დაიხია – კობახიძე

30 მარტი, 2022 • 938
აშკარაა, პრეზიდენტმა უკან დაიხია – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშკარაა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკან დაიხია, რადგან ხვდება, რომ ელჩების დანიშვნა-გათავისუფლება რეალურად მისი კომპეტენცია არ არის.

კობახიძის თქმით, სწორედ ამიტომ უწევს პრეზიდენტის ადმინისტრაციას არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომ ბოლო ერთ წელიწადში მთავრობის წარდგინებით 12 ელჩი დანიშნა და უარი არცერთზე არ უთქვამს.

როგორც კობახიძე ამბობს, ბოლო 1 წელიწადში პრეზიდენტმა უარი თქვა მთავრობის მიერ წარდგენილი 5 ელჩის დანიშვნაზე, ერთის კი – გამოწვევაზე.

კობახიძე არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყნებში წარდგენილ ელჩებზეა საუბარი.

“გასული წლის ივნის-ივლისში პრეზიდენტს მთავრობისგან გაეგზავნა სამი წარდგინება ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით და დღემდე არცერთ წარდგინებაზე არ არის პასუხი. შესაბამისად, პრეზიდენტმა უარი განაცხადა მათ დანიშვნაზე. შესაბამისად, ამ ნაწილში არასწორი ინფორმაცია გაავრცელა პრეზიდენტმა.

ასევე, დაახლოებით 2-3 კვირის წინ მთავრობამ განაცხადა წარდგინება ერთი ელჩის გამოწვევის და ორის დანიშვნასთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაში არათუ უპასუხოდ დატოვა ეს წარდგინება, პირდაპირ წერილობით უარი აქვს ნათქვამი. ეს არის დოკუმენტალურად დადასტურებული და არის ოფიციალური მიმოწერა მთავრობასა და პრეზიდენტს შორის.

შესაბამისად, რატომ დასჭირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას არასწორი ინფორმაციის გავრცელება, გაუგებარია”, — განაცხადა კობახიძემ.


„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექტში, მისი ევროპაში ვიზიტების გამო დაუპირისპირდნენ.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ დღეებში დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერებთან მართავდა შეხვედრებს, გარდა ამისა, აქტიურად ჩნდებოდა საერთაშორისო მედიაში უკრაინის საკითხზე, სადაც აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას და საუბრობდა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. „ოცნებისა“ და მთავრობის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს შეახსენეს, რომ ქვეყნის საგარეო-საშინაო პოლიტიკას თავად განსაზღვავენ და არა — პრეზიდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი