ახალი ამბები

პრეზიდენტის თქმით 12 დიპლომატი დაამტკიცა, მთავრობა უარყოფს

29 მარტი, 2022 • 1684
პრეზიდენტის თქმით 12 დიპლომატი დაამტკიცა, მთავრობა უარყოფს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, მთავრობის მიერ წარდგენილი 12-ვე კანდიდატურა ელჩისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დააკმაყოფილა, მთავრობა კი უარყოფს.

საქართველოს მთავრობის განცხადებით, ბოლო პერიოდში, პრეზიდენტის მხრიდან  არაერთხელ იქნა უარყოფილი ან რეაგირების გარეშე დატოვებული საქართველოს მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების/მისიის ხელმძღვანელების კანდიდატების საკითხი:

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუცია მთავრობას ანიჭებს საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებას, რომელშიც ასევე მოიაზრება ელჩების და მისიებში მუდმივი წარმომადგენლების დანიშვნების საკითხი და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ელჩები ინიშნებოდნენ დროულად და უზრუნველყოფილი იყოს უწყვეტობის პრინციპი, რაც, სამწუხაროდ, აღნიშნული გამოწვევის ფონზე წარმოადგენს რეალურ პრობლემას და საჭიროებს დროულ გადაწყვეტას.

იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული საკითხი დღესაც აქტუალურია და დიპლომატიური წარმომადგენლობების გამართულ ფუნქციონირებას ექმნება სირთულეები, საქართველოს მთავრობა იმოქმედებს გაცხადებული სამართლებრივი რეაგირების შესაბამისად“, – აცხადებენ საქართველოს მთავრობაში.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტისა თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, რომელიც ზრდილობასაც და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, იწვევს საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას:

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ იმეორებს: 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, ელჩის და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად მთავრობამ პრეზიდენტს წარუდგინა 12 კანდიდატურა და თორმეტივეს დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემულია შესაბამისი განკარგულება“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

საქართველოს პარლამენტი იხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ორგანოს შეეძლება კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მეორე ორგანოს წინააღმდეგ მის მიერ გამოცემული არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ ასევე მოქმედების/უმოქმედობის საფუძველზეც, თუკი მიიჩნევს, რომ ამ ორგანომ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.

ოპოზიციის ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ. ოპოზიციის ნაწილი პარლამენტს მოუწოდებდა, რომ კანონპროექტი დაჩქარებულად არ მიეღო.

კანონპროექტის ინიცირება მოჰყვა „ქართული ოცნების“ მიერ რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც პარტია საუბრობდა სახელმწიფოს მეთაურის მოქმედებების/უმოქმედობის საპასუხოდ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვაზე. თუმცა ამ ინიციატივის შესახებ განცხადებაში საუბარი არ ყოფილა და ბუნდოვანი იყო, რის საფუძველზე იგეგმებოდა პრეზიდენტის წინააღმდეგ დავის წამოწყება. მმართველი პარტიის წარმომადგენლები იქვე ირწმუნებოდნენ, რომ პრეზიდენტისთვის ჩივილს არ აპირებდნენ.

თავის მხრივ, ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს განცხადება უკავშირდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, უკრაინის საკითხებზე რიგგარეშე სხდომის მოწვევას, 5 მარტს ყოველწლიური მოხსენებით წარდგენის მოთხოვნას, და ,რაც მთავარია, ხელისუფლების საპირისპირო პოზიციონირებას ევროინტეგრაციისა და უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი