ახალი ამბები

პრეზიდენტს არ უნდა ეგონოს, რომ იცის პატრიარქსა და მთავრობაზე მეტი — კობახიძე

25 მარტი, 2022 • 4382
პრეზიდენტს არ უნდა ეგონოს, რომ იცის პატრიარქსა და მთავრობაზე მეტი — კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შალვა რამიშვილის ტელევიზიის ეთერში კიდევ ერთხელ გააკრიტიკა პრეზიდენტი და მისი უფლება-მოვალეობები შეახსენა.

კობახიძის თქმით, „პრეზიდენტს, მით უმეტეს, საპარლამენტო სისტემაში, არ უნდა ეგონოს, რომ იცის პატრიარქზე მეტი და არ უნდა ეგონოს, რომ იცის მთავრობაზე მეტი“.

მმართველი გუნდის ლიდერი აღნიშნული განცხადებით გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინის ეკლესიამ უნდა მიიღოს ავტოკეფალია.

კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სალომე ზურაბიშვილი არ გამოხატავს მთავრობისა და პარლამენტის პოზიციას და, შესაბამისად, რასაც ის ამბობს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, მხოლოდ მისი პირადი აზრია.

„ჩვენ რომ ვიცოდით, რა სისტემა იყო, იმიტომ დავუჭირეთ სალომე ზურაბიშვილს მხარი პრეზიდენტის პოზიციაზე და არა პრემიერის პოზიციაზე. ჩვენ რომ გვდომებოდა, სალომე ზურაბიშვილს განესაზღვრა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა, მაშინ დავუჭერდით მხარს არა პრეზიდენტის პოსტზე, რომელიც არის სიმბოლური, არამედ პრემიერის პოსტზე.

რატომ არ გავაკეთეთ ეს? იმიტომ, რომ ჩვენ ნდობა გამოვუცხადეთ ირაკლი ღარიბაშვილს. ნდობა გვაქვს მის მიმართ, რომ ის სწორად განახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.

ჩვენ პრეზიდენტს იმ როლში დავუჭირეთ მხარი, რაც კონსტიტუციით აქვს განსაზღვრული. პრეზიდენტი სიმბოლურად არის გარანტი კონსტიტუციის დაცვის და როდესაც თავად არღვევს კონსტიტუციას, არის საფრთხის შემცველი მოვლენა“, — თქვა ირაკლი კობახიძემ.

მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის მხარდამჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა და ასევე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერს შეხვდა უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხებზე, ქართულმა ოცნებამ ის დაადანაშაულა კონსტიტუციის დარღვევაში. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის პარალელურად მმართველმა გუნდმა მას უცხოეთში ვიზიტები დაუბლოკა, რის შემდეგაც შეხვედრები ევროპაში პირადი კონტაქტების გამოყენებით გამართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი