„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა ორი კვირით გადაიდო.

ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს, 29 მარტს, ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებებს ძალიან ბევრი სპეკულაცია მოჰყვა და ჩვენ არცერთი სამართლებრივი არგუმენტი არ მოგვისმენია. ზოგმა ისიც კი უზრუნველყო, რომ ხალხს ჰგონია, რომ ეს ნორმა კომპეტენციების გამიჯვნას შეეხება. არადა, ლაპარაკია განხილვის შესაძლებლობაზე.

ამიტომ, მხოლოდ ის ოდნავ საკამათო არგუმენტი – „ასე ჩქარა რატომ“, გამოვრციხოთ, ორი კვირის ვადა მივცეთ და ორი კვირის შემდეგ პროექტი იგივე წესით განვიხილოთ. ორი კვირის განმავლობაში მობრძანდით და არსებითი სამართლებრივი არგუმენტები წარმოადგინეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კანონპროქტი, რომლის ავტორებიც „ქართული ოცნების“ წევრები არიან, პარლამენტს დაჩქარებული წესით მიმდინარე კვირაში უნდა მიეღო.

კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფო ორგანოს შეეძლება კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მეორე ორგანოს წინააღმდეგ მის მიერ გამოცემული არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ ასევე მოქმედების/უმოქმედობის საფუძველზეც, თუკი მიიჩნევს, რომ ამ ორგანომ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.

ოპოზიციის ნაწილი და არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ. ოპოზიციის ნაწილი პარლამენტს მოუწოდებდა, რომ კანონპროექტი დაჩქარებულად არ მიეღო.

კანონპროექტის ინიცირება მოჰყვა „ქართული ოცნების“ მიერ რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც პარტია საუბრობდა სახელმწიფოს მეთაურის მოქმედებების/უმოქმედობის საპასუხოდ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვაზე. თუმცა ამ ინიციატივის შესახებ განცხადებაში საუბარი არ ყოფილა და ბუნდოვანი იყო, რის საფუძველზე იგეგმებოდა პრეზიდენტის წინააღმდეგ დავის წამოწყება. მმართველი პარტიის წარმომადგენლები იქვე ირწმუნებოდნენ, რომ პრეზიდენტისთვის ჩივილს არ აპირებდნენ.

თავის მხრივ, ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს განცხადება უკავშირდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, უკრაინის საკითხებზე რიგგარეშე სხდომის მოწვევას, 5 მარტს ყოველწლიური მოხსენებით წარდგენის მოთხოვნას, და ,რაც მთავარია, ხელისუფლების საპირისპირო პოზიციონირებას ევროინტეგრაციისა და უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხებზე.