რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების, “Russia Today”-ს და Sputnik-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი სოხუმს ეწვია და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა. აფხაზეთში მისი ვიზიტის ოფიციალურ მიზეზად კი დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული მედიაცენტრის გახსნა სახელდება.
ბჟანიასთან შეხვედრაზე, რომელიც ადგილობრივი მედიისთვის ღია იყო, სიმონიანმა გაიხსენა აფხაზეთში ცხოვრებისა და მუშაობის წლები. სიმონიანის თქმით, მისი ბებია ბიჭვინთიდან იყო და აფხაზეთთან განსაკუთრებული ბმა და თბილი მოგონებები აკავშირებს.
თავის მხრივ, დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ შეხვედრის დროს სიმონიანთან დაიჩივლა რუსეთ-აფხაზეთის გამშვებ პუნქტზე გართულებული გადაადგილების რეჟიმის შესახებ, რომელსაც, მისი აზრით, გამარტივება არ აწყენდა. გარდა ამისა, ბჟანიამ სიმონიანთან შეხვედრისას რუსეთ-ბელარუსის კავშირში აფხაზეთის შესაძლო გაწევრიანება ახსენა, რაზეც სიმონიანმა უპასუხა, რომ ამის წინააღმდეგი რუსეთში არავინ იქნება.
სიმონიანმა აფხაზურ მხარეს მადლობაც გადაუხადა უკრაინაში “სპეცოპერაციისას” რუსეთის დახმარებისთვის.

ფოტოზე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, დე ფაქტო საგარეო მინისტრი ინალ არძინბა, მარგარიტა სიმონიანი და მისი ქმარი ტიგრან კეოსაიანი








