აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა მოსკოვში შეხვდა ტელეკომპანია «Russia Today»-ის და საინფორმაციო სააგენტო «Sputnik» -ის მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა, როგორც ოფიციალურ ცნობაშია ნათქვამი, იყო აფხაზეთის საგარეო უწყების მრავალფუნქციური მედიაცენტრის გახსნის საკითხები – კერძოდ, მედიაცენტრის ურთიერთობა რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებთან.
“განიხილებოდა საერთაშორისო საინფორმაციო პოლიტიკის გაძლიერებისა და აფხაზეთის რესპუბლიკის პოზიტიური იმიჯის ფორმირების საკითხები”.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მედიაცენტრი 2022 წლის გაზაფხულზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტისა და რუსეთის საინფორმაციო სააგენტოების მხარდაჭერით იხსნება.