ახალი ამბები

უკრაინაში დაღუპულ ქართველთა სახელები გმირთა მოედანზე მემორიალზე ამოტვიფრონ — ოქრუაშვილი

29 მარტი, 2022 •
უკრაინაში დაღუპულ ქართველთა სახელები გმირთა მოედანზე მემორიალზე ამოტვიფრონ — ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ინიციატივით გამოდის, უკრაინაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების სახელები გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალზე ამოტვიფრონ.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ უკრაინაში დაღუპულ გმირებს ძმათა სასაფლაოზე არ კრძალავენ.

„იმავდროულად, თბილისის მერი დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო. არ გაინტერესებთ, რამდენად ყალბია და ფარისევლური კალაძის ქცევა? მოდით, შევამოწმოთ. ყველამ მოვითხოვოთ მერიისგან, რომ უკრაინაში გარდაცვლილი ბიჭების სახელები ამოტვიფრონ გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალზე — ისინი ხომ უკრაინაში საქართველოსთვის იბრძოდნენ“, — წერს ოქრუაშვილი Facebook-ზე.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს შეეწირა 4 ქართველი — დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი. დავით რატიანისა და გია ბერიაშვილის ცხედრები საქართველოში ჩამოასვენეს და 26 მარტს სამოქალაქო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

“რაც ჩვენ გვინდოდა, ძმათა სასაფლაოზე, არ მოხერხდა. ეს გავიგე… განაცხადი ხომ გვქონდა და არაფერი გამოხმაურება არ ყოფილა, არ ვიცი, ოფიციალურად იყო თუ არაოფიციალურად, კი გავიგე, რომ ვერ ხერხდება იქ…”, — უთხრა მედიას რატიანის მეუღლემ, ია შაშვიაშვილმა, 25 მარტს.

სამოქალაქო სასაფლაოზე დაკრძალეს ქართველი მებრძოლები, რომლებიც რუსეთთან ომს შეეწირნენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი