ახალი ამბები

“მოლაპარაკებების ჯგუფის ყველა წევრი დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობს” – პოდოლიაკი შესაძლო მოწამვლაზე

29 მარტი, 2022 •
“მოლაპარაკებების ჯგუფის ყველა წევრი დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობს” – პოდოლიაკი შესაძლო მოწამვლაზე

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ეხმაურება რომან აბრამოვიჩისა და უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართულ უკრაინული მხარის წარმომადგენლების შესაძლო მოწამვლას და აცხადებს, რომ მოლაპარაკებების ჯგუფის ყველა წევრი დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.

პოდოლიაკმა აღნიშნა,რომ  საინფორმაციო ომის პირობებში ახლა ბევრი სპეკულაცია და შეთქმულების თეორია ვრცელდება:

“მოლაპარაკების ჯგუფის ყველა წევრი დღეს ჩვეულ რეჟიმში მუშაობს”, – თქვა მან.

მარტის დასაწყისში რუსი ოლიგარქისა და მოლაპარაკებებში ჩართული უკრაინული მხარის წარმომადგენლების შესაძლო მოწამვლის სიმპტომების შესახებ ინფორმაცია The Wall Street Journal-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. გამოცემა იუწყებოდა, რომ მოწამვლის ნიშნები ჰქონდა მოლაპარაკებების ერთ-ერთ მონაწილეს, დეპუტატ რუსტემ უმეროვსაც.

უმეროვმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი მასალის გამოქვეყნებამდე გააკეთა. მან საკუთარ ფეისბუკ გვერდზე დაწერა:

“მე კარგად ვარ. ეს არის ჩემი პასუხი ყველა ყვითელი ახალი ამბისთვის, რომელიც ირგვლივ ვრცელდება.

გთხოვთ, არ ენდოთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. საინფორმაციო ომიც მიმდინარეობს”.

BBC-ის ცნობით კი რომან აბრამოვიჩთან დაახლოებულმა წყარომ მათ დაუდასტურა, რომ ოლიგარქს მართლაც აღენიშნებოდა შესაძლო მოწამვლის სიმპტომები მოლაპარაკებების შემდეგ. თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, აბრამოვიჩი თავს კარგად გრძნობს და ომის დასრულების მცდელობაში უკრაინელებთან ერთად მოლაპარაკებების გაგრძელებას აპირებს.

ამასთან, BBC-ის ინფორმაციით, აბრამოვიჩთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე შეხვედრაში და მხოლოდ საკუთარი სახელით მოქმედებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი