ახალი ამბებიეკონომიკა

თუ EU გაზს რუბლში არ იყიდის, „უფასოდ არ მივაწვდით“ – პესკოვი

28 მარტი, 2022 • 6887
თუ EU გაზს რუბლში არ იყიდის, „უფასოდ არ მივაწვდით“ – პესკოვი

კრემლის წარმომადგენლის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი განიხილავს დასავლეთისთვის ბუნებრივი აირის რუსულ რუბლში მიწოდების სხვადასხვა მოდელებს, თუმცა, თუ დასავლეთი უარს იტყვის სათბობი რესურსების რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე, რუსეთი ამას „უფასოდ არ გააკეთებს“.

„ფაქტია, რომ უფასოდ გაზს არ მივაწოდებთ. ეს ცალსახაა. ამის თქმა აბსოლუტური დარწმუნებით შემიძლია. ჩვენს სიტუაციაში, ძნელად შესაძლებელი და ძნელად მიზანშეწონილია ევროპულ ქველმოქმედებაში ჩართვა“, – განაცხადა პესკოვმა.

მისი განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტრო „გაზპრომთან“ ერთად მუშაობს, რათა რუბლში გადახდის მოდელები შეიმუშაოს.

პესკოვის თანახმად, ეს კომპლექსური პროცესია და დროს მოითხოვს.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია, გაზის რუბლში გაყიდვის მიზნით, ცალმხრივად ვერ შეცვლის კონტრაქტის პირობებს.

მისივე განცხადებით, რუსეთი ევროპას გაზით ვეღარ დააშანტაჟებს.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 23 მარტს, სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია „არამეგობრულ“ ქვეყნებს გაზს მხოლოდ რუბლში მიჰყიდის.

მისი განცხადებით, რუსეთის მთავრობას და ცენტრალურ ბანკს ერთი კვირა აქვთ ვადა, რათა გამონახონ გზა, თუ როგორ გადაიტანონ შესაბამისი ოპერაციები რუსულ ვალუტაში, რის შემდეგაც „გაზპრომი“ ცვლილებებს შეიტანს კონტრაქტებში.

„გაზპრომის“ მონაცემებით, მისი გაყიდვების 58%-ის ანაზღაურება ხორციელდება ევროში, 39% – დოლარში, 3%-ისა კი – გირვანქა სტერლინგში.

რუსეთი ევროპის გაზის მოხმარების დაახლოებით 40%-ს აკმაყოფილებს – „როიტერსის“ ცნობით, დღიურად, ევროპული ქვეყნები 200-დან 800 მილიონამდე ევროს ეკვივალენტს უხდიან მოსკოვს ევროსა და დოლარში.

გირჩევთ, წაიკითხოთ „ნეტგაზეთის“ სტატია, საიდანაც გაიგებთ, რა მიზანი აქვს ამ გადაწყვეტილებას, რა შედეგს მოიტანს და რას უპასუხებენ მას ევროპელი იმპორტიორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი