ეკონომიკა

რას (ვერ) მოუტანს რუსეთს გაზის რუბლში გაყიდვა

24 მარტი, 2022 • 10557
რას (ვერ) მოუტანს რუსეთს გაზის რუბლში გაყიდვა

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, „არამეგობრული ქვეყნები“ რუსეთისგან ბუნებრივ გაზს მხოლოდ რუბლში შეიძენენ.

„ნეტგაზეთი“ დაინტერესდა, რა მიზანი აქვს ამ გადაწყვეტილებას, რა შედეგს მოიტანს და რას უპასუხებენ მას ევროპელი იმპორტიორები.

პუტინის გადაწყვეტილება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 23 მარტს სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია „არამეგობრულ“ ქვეყნებს გაზს მხოლოდ რუბლში მიჰყიდის.

მისი განცხადებით, რუსეთის მთავრობას და ცენტრალურ ბანკს ერთი კვირა აქვთ ვადა, რათა გამონახონ გზა, თუ როგორ გადაიტანონ შესაბამისი ოპერაციები რუსულ ვალუტაში, რის შემდეგაც „გაზპრომი“ ცვლილებებს შეიტანს კონტრაქტებში.

„გაზპრომის“ მონაცემებით, მისი გაყიდვების 58%-ის ანაზღაურება ხორციელდება ევროში, 39% – დოლარში, 3%-ისა კი – გირვანქა სტერლინგში.

რუსეთი ევროპის გაზის მოხმარების დაახლოებით 40%-ს აკმაყოფილებს – „როიტერსის“ ცნობით, დღიურად, ევროპული ქვეყნები 200-დან 800 მილიონამდე ევროს ეკვივალენტს უხდიან მოსკოვს ევროსა და დოლარში.

ვლადიმერ პუტინი

ამასთან, ევროკავშირს, – რომლის ყველა ქვეყანაც შედის რუსეთის „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში ,- არ აუკრძალავს რუსეთიდან გაზის იმპორტი და რუსეთის წილის შემცირებას მხოლოდ რამდენიმე წელიწადში განიხილავს.

„არამეგობრული ქვეყნების“ სია, – ანუ ჩამონათვალი ქვეყნებისა, რომლებიც „რუსეთის ფედერაციის, რუსეთის იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ არამეგობრულ საქმიანობას ეწევიან“, – რუსეთის მთავრობამ პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის ბრძანებით, 2022 წლის 7 მარტს დამტკიცდა.

ასეთ ქვეყნებს შორის არიან შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, იაპონია და სხვები [სიაში არ არიან საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი].

რამდენად შესაძლებელია ეს?

ჯერჯერობით კვლავ ბუნდოვანია, რა პასუხი ექნებათ დასავლურ ქვეყნებსა და კომპანიების ვლადიმერ პუტინის ამ განცხადებაზე. ჯერჯერობით არც გაზის იმპორტიორ კომპანიებს გაუკეთებიათ ამ საკითხზე კომენტარი.

კომენტარი გააკეთეს იაპონიაში, „არამეგობრულ ქვეყანაში“, რომელზეც რუსეთის გაზის ექსპორტის 7.2% მოდის:

„ამჟამად ჩვენ ვეცნობით სიტუაციას შესაბამის სამინისტროებთან ერთად, რადგან მაინცდამაინც კარგად არ გვესმის, რა არის [რუსეთის] მიზანი და როგორ გააკეთებენ ამას“, – განაცხადა იაპონიის ფინანსთა მინისტრმა შუნიჩი სუზუკიმ.

კორპორატიული სამართლის ექსპერტები კი ამბობენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთს კონტრაქტების პირობების, – მათ შორის ანაზღაურების ვალუტის, – შეცვლის უფლება ჰქონდეს.

„კონტრაქტები იდება ორ მხარეს შორის, და ჩვეულებრივ იდება აშშ დოლარში ან ევროში. თუკი ერთი მხარე იტყვის, „არა, თქვენ ახლა ასე [ახალ ვალუტაში] უნდა გადაიხადოთ“, კონტრაქტი აღარ არსებობს“, – ამბობს „როიტერსთან“ სიდნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკისა და მმართველობის ინსტიტუტის მთავარი ეკონომისტი, ტიმ ჰარკუტი.

რუბლი და რუსული ეკონომიკა

რუბლში ანგარიშსწორების გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის აქტივების გაყინვისა და სხვა სანქციების პასუხად მიიღო.

რუსეთს სანქციები შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და მოკავშირეებმა 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგაც დაუწესეს, რის შემდეგაც რუსეთის მთავრობა ცდილობდა, რუსული ეკონომიკა და რუბლი სანქციებისაგან დაეცვა.

მაგალითად, რუსეთის მთავრობამ გაზარდა რეზერვების რაოდენობა 430-დან 640 მილიარდ აშშ დოლარამდე – ძირითადად ნავთობისა და გაზის გაყიდვების ხარჯზე- და მოახდინა ამ რეზერვების დივერსიფიკაცია.

კერძოდ, თუკი 2014 წლისთვის რუსეთს რეზერვების თითქმის 80% დოლარსა და ევროში ჰქონდა, 2021 წლისთვის დოლარის წილი 16.4%-მდე შეამცირა, ევროსი კი – 32.3%-მდე. ამასთან, ოქროს წილი 8.9%-დან 21.7%-მდე გაზარდა და დაიმატა ჩინური იუანი – 13.1%-მდე.

სხვადასხვა ვალუტის წილი რუსეთის ეროვნული ბანკის რეზერვებში ასეთია:

წყარო: IIF/WaPo/ნეტგაზეთი

ეს ნაბიჯები, სავარაუდოდ, შედეგის მომტანი იქნებოდა, რომ არა უპრეცედენტო სანქციები, რაც დასავლეთმა რუსეთის ფედერაციას უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესა.

იმ ფაქტმა, რომ რუსეთს ცენტრალური ბანკის რეზერვების დიდი ნაწილი დასავლურ ბანკებში ჰქონდა განთავსებული, დასავლეთს საშუალება მისცა, ეს რეზერვები გაეყინა და დიდი დარტყმა მიეყენებინა რუსული ეკონომიკისათვის.

რუსეთისთვის ცენტრალური ბანკის რეზერვებზე წვდომის შეზღუდვა მნიშვნელოვნად ზღუდავს მთავრობის უნარს, უპასუხოს მწვავე ეკონომიკურ კრიზისს და ვალუტის გაუფასურება დაასტაბილუროს.

რას ცვლის პუტინის გადაწყვეტილება?

ვლადიმერ პუტინის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების პირველივე დღეს, 23 მარტს, რუბლის ღირებულებამ, – რომელიც უკრაინაში შეჭრის ფონზე ერთი პენის (ასევე, 3,4 თეთრის) ღირებულებას ჩამოსცდა და 40%-ით იყო გაუფასურებული, – დროებით მოიმატა  5%-ით. ამასთან, ევროპულ ბაზრებზე მოიმატა ბუნებრივი აირის ფასმაც.

ეკონომისტების ნაწილი ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას ძირითადად პოლიტიკურად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგები ამას არ მოჰყვება.

„რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს, აჩვენოს საკუთარი „ძალა“; აჩვენოს, როგორ არიან დამოკიდებული ევროპის ქვეყნებზე მის გაზზე“, – ამბობს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი დავით კეშელავა „ნეტგაზეთთან“ საუბარში.

მისი თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით გათვლა შესაძლოა ის იყოს, რომ „თუ გაზის შეძენა რუბლში მოხდება, გარანტირებულად წარმოიქმნება მოთხოვნა რუბლზე“.

ამავე აზრზეა Capital Economics-ის ეკონომისტი ლიამ ფიჩი, რომელიც „პოლიტიკოსთან“ საუბარში აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ჰგავს „რუსეთის ხელისუფლების მცდელობას, განახორციელოს ზეწოლა დასავლურ ქვეყნებზე, აიძულოს უცხოელი მყიდველები, რუბლი გადაიხადონ რუსულ გაზში“. მისი თქმითვე, ამ ნაბიჯით რუსეთისთვის დამატებითი სარგებელი იქნება „ვალუტის ღირებულების მხარდაჭერა“.

თუმცა, როგორც დავით კეშელავა შენიშნავს, ასეთი გადაწყვეტილების გავლენა მაინც შეზღუდული იქნება – მას გავლენა ექნება არასახელმწიფო კომპანიებზე, რომლებიც ევროპაში ჰყიდიან გაზს და რომელთა წილიც მცირეა, რადგან „მიღებული უცხოური ვალუტა ისედაც კონტროლდება მთავრობის მიერ”.

დავით კეშელავას განმარტებით, რუსეთის მთავრობის ბრძანების საფუძველზე უცხოური ვალუტის გადაცვლა რუბლში აქამდეც იყო შესაძლებელი.

„შესაბამისად, დამატებითი მოთხოვნის წარმოქმნას რუსეთი მაინც შეძლებდა, უცხოურ ვალუტაში რომ გაეგრძელებინა ვაჭრობა, იმ შემთხვევაშიც“, – ამბობს ის.

იმის გათვალისწინებით, რომ გაზის ძირითადი ექსპორტიორები სწორედ სამთავრობო კომპანიები (ძირითადად, „გაპრომი“) არიან, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევრის თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით, ეფექტი მცირემასშტაბიანი იქნება.

„შესაძლოა, შეუბრუნდეს“

დავით კეშელავა შენიშნავს იმასაც, რომ რუბლში ანგარიშსწორება „სერიოზული დისკომფორტი“ იქნება იმპორტიორებისთვის,  ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნებისთვის, რომლებიც დამოკიდებულნი არიან რუსულ გაზზე.

„ერთი პრობლემა ისაა, რომ მათ მუდმივად მოუწევთ არასტაბილური ვალუტის შეძენა და სავალუტო რისკები ექნებათ; მეორეც, მათ სანქციები აქვთ რუსეთისთვის დაწესებული და ეს სანქციები ართულებს ვალუტის კონვერტირებას“, – აცხადებს სპეციალისტი.

ამის გათვალისწინებით, იგი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ვლადიმერ პუტინის ამ ნაბიჯმა რუსეთისთვის უკუეფექტი გამოიწვიოს:

„შეიძლება, ამან გარკვეული ბიძგი მისცეს ევროკავშირს, რომ უფრო მეტად დააჩქაროს ალტერნატიულ წყაროებზე გადართვის პროცესი. გასაგებია, რომ ეს სწრაფად ვერ მოხდება, მაგრამ შესაძლოა უფრო დაჩქარდეს ამ საკითხზე მუშაობა, ვიდრე ადრე აპირებდნენ“, – გვეუბნება იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი