ახალი ამბები

რუსეთი სტრატეგიას ცვლის და საკვებისა და ნავთობის საცავებს ურტყამს – უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი

28 მარტი, 2022 •
რუსეთი სტრატეგიას ცვლის და საკვებისა და ნავთობის საცავებს ურტყამს – უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ვადიმ დენისენკოს განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საბრძოლო სტრატეგიის ცვლილებაა მოსალოდნელი. კერძოდ, დენისენკოს თქმით, რუსეთმა ბოლო დღეებში შეუტია ნავთობის საცავებს ლვოვში, დუბნოში და ლუცკში. დენისენკოს კომენტარს UNIAN ავრცელებს.

“ნავთობის საცავების გარდა დავამატებდი პროდუქტების საცავებსაც. შეიძლება ითქვას, რომ ეს არა ტაქტიკა, არამედ სტრატეგიაა. ეს რუსეთის საბრძოლო მოქმედებების სრული სტრატეგიის ცვლილებაა”, – თქვა დენისენკომ და განმარტა, რომ ახლა უკრაინის მთავარი ამოცანა საკვები პროდუქტების და ნავთობპროდუქტების შენარჩუნებაა.

“ვფიქრობ, ჩვენ ამას შევძლებთ… პრინციპში, უკვე მიყენებული ზიანი არცთუ ისე კრიტიკულია დათესვისთვის, ჯარისთვის და უკრაინის რკინიგზისთვის, რომელიც საწვავის მთავარი მომხმარებელია”, – განაცხადა მან.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი