ახალი ამბები

26-მილიონიან შანხაიში ლოკდაუნის გამოცხადების შემდეგ ნავთობი გაიაფდა

28 მარტი, 2022 • 1396
26-მილიონიან შანხაიში ლოკდაუნის გამოცხადების შემდეგ ნავთობი გაიაფდა

ქალაქ შანხაიში, სადაც 26 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, ჩინეთმა  28 მარტიდან რამდენიმედღიანი ლოკდაუნი გამოაცხადა, რასაც გლობალურ ბაზარზე ნავთობის მცირედით გაიაფება მოჰყვა.

ჩინეთის ფინანსურ ჰაბში ლოკდაუნი ორ ნაწილად ცხადდება — 28 მარტიდან ქალაქის ერთი ნაწილი დაიკეტება, კვირის ბოლოდან კი — მეორე. ლოკდაუნის მიზანი მოსახლეობის კოვიდზე სრული დატესტვაა, რათა შეაჩერონ ეპიდაფეთქება.

შანხაიში კოვიდის დღიური რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირეს — 2 631 ასიმპტომური და 47 სიმპტომიანი შემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენი მსოფლიოსთვის ეს მაჩვენებლები უმნიშვნელოა, ჩინეთი აღნიშნულს საგანგაშოდ მიიჩნევს, რადგან პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მრავალმილიონიანი პროვინციების ლოკდაუნის საშუალებით ჩინეთმა თითქმის სრულად აიცილა კოვიდაფეთქებები.

შანხაიში გამოცხადებული ლოკდაუნი გულისხმობს დისტანციურ მუშაობაზე გადასვლასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას, ასევე, ქალაქიდან გასვლის შეზღუდვას. მოქალაქეები შანხაის დატოვებას მხოლოდ უარყოფითი კოვიდტესტის საფუძველზე შეძლებენ, ხოლო მათ, ვისაც კოვიდი დაუდასტურდებათ, ან კლინიკაში მოათავსებენ, ან საკარანტინო სივრცეებში.

შანხაის ლოკდაუნმა და საწვავზე მოთხოვნის შემცირების მოლოდინმა მსოფლიო ბაზარზე  უკვე შეამცირა ნედლი ნავთობის ღირებულება.

როგორც BBC იტყობინება, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე თითქმის $4-ით შემცირდა და $116 გახდა. თუმცა არსებული ფასი მაინც 80%-ით მაღალია რამდენიმე კვირის წინანდელ ფასთან შედარებით, სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა და ამით მსოფლიო მასშტაბის კრიზისს გამოიწვევდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი