ახალი ამბები

მითხრეს, რომ არათუ დაჭრილებს, ცხედრებსაც ვერ მიატოვებენ — ზელენსკი მარიუპოლის მცველებზე

27 მარტი, 2022 • 5662
მითხრეს, რომ არათუ დაჭრილებს, ცხედრებსაც ვერ მიატოვებენ — ზელენსკი მარიუპოლის მცველებზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1,5-საათიანი ინტერვიუ მისცა რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტებს. რუსეთის სახელმწიფო კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომპანიამ „როსკომნადზორმა“ რუსულ მედიას აღნიშნული ინტერვიუს გამოქვეყნება აუკრძალა, თუმცა ის ხელმისაწვდომია Youtube-ზე.

ინტერვიუში ზელენსკიმ ისაუბრა ჰუმანიტარული კატასტროფის შესახებ, რომლის წინაშეც რუსეთის ალყაში მოქცეული ქალაქი მარიუპოლი იმყოფება.

„ქალაქი ბლოკირებულია რუსი სამხედროების მიერ. ბლოკირებულია ყველა შესასვლელი და გასასვლელი ქალაქიდან. პორტი დანაღმულია. ჰუმანიტარული კატასტროფა ცალსახაა, რადგან წყლის, საკვების და წამლების მიწოდება შეუძლებელია. რუსი სამხედროები ცხრილავენ ჰუმანიტარულ ტვირთს, კლავენ მძღოლებს. რა ემართება მერე ტვირთს, არ ვიცი. ზოგი უკან მოაქვთ“, — განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, „გარკვეული შეთანხმებების“ საფუძველზე ხდება მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვანა უკრაინის მხარეს. ზელენსკის თქმით, მარიუპოლიდან მოქალაქეების ძალისმიერად გაჰყავთ რუსეთის ფედერაციის მიმართულებით.

„2 000 ბავშვი გაყვანილია [რუსეთის მიმართულები], ე.ი. მოპარულია. ჩვენთვის ყველა მათგანის ადგილმდებარეობა უცნობია, ზოგი მშობლების გარეშეა. ეს კატასტროფაა. ვერ აღგიწერთ, როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი. მათ „გაცვლითი ფონდისთვის“ ინახავენ. კულტურულ სიტყვებს ვერ ვპოულობ, მხოლოდ ემოციური შეფასებები მომდის“, — განაცხადა ზელენსკიმ.

მან „ღორობა“ უწოდა რუსეთის მიერ ტყვეების დაგროვების პოლიტიკას და თქვა, რომ თავად „ყველას ყველაზე გაცვლის“ მომხრეა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მარიუპოლის შიგნით არიან უკრაინელი სამხედროები, რომელთაც ქალაქის დატოვებაზე უარი განაცხადეს.

„სადაც შეძლეს შესვლა რუსმა სამხედროებმა, შევიდნენ. ქალაქის გარკვეულ ნაწილებში ვერ შევიდნენ, რადგან იქ არიან ჩვენი ბიჭები, რომლებმაც უარი განაცხადეს გამოსვლაზე მათი მოწოდებების საპასუხოდ. ამ ბიჭების ოჯახებმა მომმართეს მე. მე მათ ვესაუბრე. ვესაუბრები ორ დღეში ერთხელ მაინც… მე მათ ვუთხარი: ყველაფერი მესმის, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით, მაგრამ თუ თქვენ გჭირდებათ გამოსვლა და გრძნობთ, რომ ასე სწორია და თქვენ შეძლებთ გადარჩეთ, გააკეთეთ ეს; მესმის, როგორ გამოიყურება ეს სამხედროსთვის, მაგრამ გააკეთეთ. არჩევანის უფლება დავუტოვე. მიპასუხეს: ჩვენ არ შეგვიძლია, აქ დაჭრილი ხალხია. ვერ მივატოვებთ დაჭრილებს. უფრო მეტიც, მათ თქვეს, რომ ვერ მიატოვებენ მოკლულებს“, — განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გარდაცვლილები ქუჩაში, ტროტუარებზე ყრიან და ისინი არავის გაჰყავს.

„ჩვენი სამხედროები არ არიან მზად, მიატოვონ სამხედროების ცხედრებიც კი. გამოვიდნენ და გარდაცვლილები სადმე გადაყარონ, როგორც ნაგავი, ამისთვის მზად არ არიან. ისინი იცავენ ქალაქს, იცავენ დაჭრილებს და იცავენ მკვდრებს, რომელთა დამარხვა სურთ. ჩვენ გვინდოდა გამოყვანა და ვითხოვეთ, ცხედრების გადმოცემა. არ მოგვცეს არც მკვდრების და არც დაჭრილების გამოყვანის უფლება. არ ვიცი, რუსი სამხედროები მაინც თუ გაჰყავთ“, — განაცხადა ზელენსკიმ.

მარიუპოლი ალყაშია და რუსეთის შეიარაღებული ძალები მას სისტემატურად ბომბავენ. მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება დაზუსტება, რამდენი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა მარიუპოლში, თუმცა უკრაინული მხარის ინფორმაციით, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი 2 300-ს აღემატება. მარიუპოლს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მისი აღების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რუსეთის ფედერაცია სახმელეთო გზით დაუკავშირდეს ანექსირებული ყირიმისა და ქერჩის ნახევარკუნძულებს. ქალაქი ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. რუსეთის თავდასხმების შედეგად ქალაქში მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, საკვები და წყალი. მარიუპოლში რუსეთმა დაბომბა სამშობიარო და თეატრის შენობა, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს. მარიუპოლში დაღუპულებს საერთო საფლავებში ან ხშირად ვერც მარხავენ.

მარიუპოლი ახალი ალეპოა — საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი