ახალი ამბები

მარიუპოლი ახალი ალეპოა — საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

27 მარტი, 2022 • 1403
მარიუპოლი ახალი ალეპოა — საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

„კოლექტიური დანაშაული“ იქნება, თუ ჩვენ მარიუპოლის დასახმარებლად არაფერს გავაკეთებთ, — CNN-ის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა დოჰას ფორუმზე, CNN-ის ბეკი ანდერსონთან საუბრისას განაცხადა.

„მარიუპოლი არის ახალი ალეპო“, – თქვა ლე დრიანმა.

„არსებობს უკრაინაში შეჭრილი ძალა, რომელიც საკუთარი მიზნების მისაღწევად, მარიუპოლში მოსახლეობა მძევლად აჰყავს. ეს ნამდვილად მიუღებელია. ვფიქრობ, ჩვენ ვიმყოფებით გადამწყვეტ მომენტში, როდესაც უკრაინის კრიზისის მიღმა, ევროპაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საფრთხის ქვეშ დგას“, — განაცხადა მან.

მარიუპოლი ალყაშია და რუსეთის შეიარაღებული ძალები მას სისტემატურად ბომბავენ. მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება დაზუსტება, რამდენი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა მარიუპოლში, თუმცა უკრაინული მხარის ინფორმაციით, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი 2 300-ს აღემატება. მარიუპოლს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მისი აღების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რუსეთის ფედერაცია სახმელეთო გზით დაუკავშირდეს ანექსირებული ყირიმისა და ქერჩის ნახევარკუნძულებს. ქალაქი ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. რუსეთის თავდასხმების შედეგად ქალაქში მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, საკვები და წყალი. მარიუპოლში რუსეთმა დაბომბა სამშობიარო და თეატრის შენობა, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს. მარიუპოლში დაღუპულებს საერთო საფლავებში ან ხშირად ვერც მარხავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი