ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“აფხაზეთი რუსეთს სამხედრო დახმარებას გაუწევს” | დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი

26 მარტი, 2022 • 3958
“აფხაზეთი რუსეთს სამხედრო დახმარებას გაუწევს” | დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი

აფხაზური მხარე მზადყოფნას გამოთქვამს რუსეთს უკრაინაში სამხედრო დახმარება გაუწიოს.

“თავდაცვის სამინიტრო სამეკავშირეო ვალდებულებებისა და აფხაზეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესაბამისად სამხედრო დახმარებას გაუწევს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მიზნის მიღწევაში”, – როგორც აფხაზური მედია წერს, ეს განცხადება გააკეთა აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა ვლადიმირ ანუამ 25 მარტს.

ამასთან, გუშინვე, გვიან საღამოს აფხაზურ ტელეგრამ სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, მოსკოვში ლავროვთან შეხვედრის დროს უკრაინის ომში რუსეთის დასახმარებლად აფხაზი სამხედროების გაგზავნა და დახმარება აღუთქვა.

“აფხაზეთის რესპუბლიკა და კერძოდ, თავდაცვის სამინისტრო, მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში წარმოებულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას”, – აცხადებს დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი.

მისივე თქმით, სოხუმი ყურადღებით აკვირდება, როგორც უკრაინაში, ასევე მთლიანად შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე პროცესებს. ამასთან დაკავშირებით, აფხაზური მხარის წარმომადგენელი ამბობს, რომ სწავლება “ნატო-საქართველო 2022” ნათლად აჩვენებს, რომ ოფიციალური თბილისი აგრძელებს საომარ რიტორიკას და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსისკენ აღებულ გეზს

მისივე თქმით, “რეგიონში რთული სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, აფხაზეთის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზაობაში არიან მოყვანილი და საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან აფხაზეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად იბრძოლონ”.

უკრაინაში რუსეთის მიერ 24 თებერვალს დაწყებული ომის შემდეგ, აფხაზეთის ტერიტორია უკვე დატოვა რუსული ბაზის სამხედრო ტექნიკისა და სამხედროების ნაწილმა. სამხედრო ტექნიკა რუსეთის დასახმარებლად უკრაინაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიიდანაც გავიდა.

რუსეთმა, რომელმაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის ომის შემდეგ აღიარა, სამოკავშირეო ხელშეკრულებები გააფორმა სოხუმთან და ცხინვალთან, რომლის თანახმად, მხარეები ერთმანეთის მიმართ, მათ შორის სამხედრო დახმარების შესახებ ვალდებულებებს იღებენ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება. ომის გამო უკრაინა დღემდე რამდენიმე მილიონმა მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი