ახალი ამბები

უკრაინელებსაც უნდა ეღირსოთ თავიანთი ეკლესიის ავტოკეფალია — ზურაბიშვილი

25 მარტი, 2022 •
უკრაინელებსაც უნდა ეღირსოთ თავიანთი ეკლესიის ავტოკეფალია — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია უნდა „ეღირსოს“. ამის შესახებ მან დღეს, 25 მარტს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სარწმუნოებისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი თავისუფლებისთვის. რომ არა ავტოკეფალიის აღდგენა, ალბათ, არც დამოუკიდებლობის აღდგენა იქნებოდა და დღეს არ ვიქნებოდით როგორც ერთ-ერთი დამოუკიდებელი, ძლიერი სახელმწიფო.

არ შეიძლება დღეს არ გავიხსენო ის, რაც ხდება უკრაინაში, სადაც რეალურად იბადება ძლიერი, თავისუფალი უკრაინული ერი. ალბათ, მათაც თავის დროზე უნდა ეღირსოთ თავიანთი ეკლესიის ავტოკეფალია, რამეთუ რუსეთმა დაკარგა ყველა მორალური უფლება, რომ იყოს ერთმორწმუნე სხვა მართლმადიდებლური ეკლესიისა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.


უკრაინის ახალი, ერთიანი, დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა 2018 წლის 15 დეკემბერს უკრაინის დედაქალაქ კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში ჩატარებულ გაერთიანებულ კრებაზე გამოცხადდა. ამავე დღეს აირჩიეს წინამძღოლად მიტროპოლიტი ეპიფანე. მისი ამჟამინდელი ტიტულია მიტროპოლიტი კიევისა და სრულიად უკრაინისა.

კვიპროსის გარდა, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარებული აქვთ ალექსანდრიისა და აფრიკის საპატრიარქოსა და ელადის(საბერძნეთის) ეკლესიას. რუსეთმა, რომელიც დასაწყისშივე ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ავტოკეფალიის იდეას, ევქარისტული კავშირი ორივე მათგანთან გაწყვიტა. მანამდე კავშირი გაწყვიტა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან, რომელმაც უკრაინის ეკლესიას ტომოსი გადასცა.

ეს ამ დრომდე არ გაუკეთებია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს. პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ რამდენიმე სასულიერო პირმა გამოხატა. მათმა ნაწილმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარი ღიად დაუჭირა, სინოდის ერთ-ერთმა წევრმა კი თქვა, რომ საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხოლოდ მას შემდეგ აღიარებს, რაც მას ცნობენ „დედაეკლესია რუსეთი“ და სხვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი