ახალი ამბები

კარასინი თბილისის ნაბიჯებს იწონებს – “შეუმჩნეველი არ დარჩება”

25 მარტი, 2022 • 5499
კარასინი თბილისის ნაბიჯებს იწონებს – “შეუმჩნეველი არ დარჩება”

24 მარტს მოსკოვში, გორჩაკოვის ფონდისა და პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული  საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით, ქართულ-რუსული საექსპერტო ფორმატის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც, ფონდის ცნობითვე, 40-მდე ექსპერტი, პოლიტოლოგი, მეცნიერი და ქართული დიასპორის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ შორის, ქართულ მხარეს წარმოადგენს დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი.

როგორც გორჩაკოვის ფონდის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, მონაწილეებს შეხვდა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი, რომელმაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა.

კარასინის განცხადებით, მხარეებმა უკანასკნელ წლებში მიაღწიეს იმას, რომ რუსეთი რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორი გახდა საქართველოსთვის.

ამასთან, კარასინმა “გაწონასწორებული” უწოდა  საქართველოს რეაქციას რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებზე და თქვა, რომ ეს ფაქტი “შეუმჩნეველი არ დარჩება”.

“ის, ვინც ჩვენ მიმართ პატიოსნად იქცევა და ღიად გველაპარაკება, ჩვენს მეგობრად რჩება”.

შეხვედრის დროს კარასინი ჟენევის დისკუსიების მნიშვნელობის საკითხსაც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ განახლდება ეს შეხვედრები, როგორც ერთადერთი ფორმატი, სადაც მხარეები ერთმანეთს უშუალოდ ელაპარაკებიან. ამავე კონტექტსში მოსკოვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შედეგების მისაღწევად, უკომპრომისო პოზიციებზე უარის თქმაა საჭირო.

ქართულ-რუსული შეხვედრები, ოფიციალური ინფორმაციით, დღეს, 25 მარტსაც გრძელდება.

 

გორჩაკოვის ფონდი 2010 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა და ეს ფონდი რუსეთის რბილი ძალის გავრცელების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ორგანიზაციის წესდების მიხედვით, ფონდის მიზანია სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების დახმარება საერთაშორისო ურთიერთობებში, მასობრივი ინფორმაციებისა და ინფორმაციული რესურსების საშუალებების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ რუსეთისთვის ხელსაყრელი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, საზღვარგარეთ რუსეთის ინტელექტუალური, კულტურული, სამეცნიერო და საქმიანი პოტენციალის წინ წაწევა, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა სამამულო, უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი