ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები უკრაინის ომის გამო გადაიდო

25 მარტი, 2022 • 1445
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები უკრაინის ომის გამო გადაიდო

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 56-ე რაუნდი, რომელიც 2022 წლის 20-30 მარტს იყო დაგეგმილი, უკრაინაში ომის გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარმა დაუდასტურა.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან [აგვისტოს ომის შემდეგ] მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით იმართება. პროცესში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი და აშშ, ასევე, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლები.

ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველოს უკვე დადებული აქვს ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა და ამავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელია.

ოფიციალური ცნობით, შექმნილი გარემოებების გამო თანათავმჯდომარეებს მოუწიათ გაეუქმებინათ მოსამზადებელი შეხვედრები თბილისში, სოხუმში, ცხინვალსა და მოსკოვში, რომელიც, როგორც წესი, წინ უძღოდა ჟენევაში გამართული დისკუსიების რაუნდებს – თუმცა მონაწილეებთან კომუნიკაცია ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება. სანქციებს შორის, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს დასავლეთის ქვეყნებმა დაუწესეს, არის საერთაშორისო ფრენების შეზღუდვა.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მიერ ნეტგაზეთისთვის მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, თანათავმჯდომარეები ჟენევის პროცესს კვლავინდებურად მტკიცედ უჭერენ მხარს და იმედოვნებენ, რომ უახლოეს დროში განახლდება უშუალო კონსულტაციები მონაწილეებთან.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჟენევის მოლაპარაკებების რაუნდი გადაიდო. დისკუსიები კორონავირუსის პანდემიის აქტიური ფაზის დროსაც იყო შეჩერებული.

 


 

მასალების გადაბეჭდვის წესი