ახალი ამბები

შოლცმა უარყო პუტინის მოთხოვნა რუსული გაზის რუბლში შეძენაზე

24 მარტი, 2022 •
შოლცმა უარყო პუტინის მოთხოვნა რუსული გაზის რუბლში შეძენაზე

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უარყო რუსეთის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც ევროკავშირის ქვეყნებმა, აშშ-მა და სხვა სახელმწიფოებმა რუსული გაზი რუბლში უნდა იყიდონ. შოლცის თანახმად, გაზის შესყიდვის ხელშეკრულებების უმეტესობა ითვალისწინებს შესაბამისი საფასურის გადახდას ევროში ან აშშ დოლარში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ზემოხსენებული მოთხოვნა 23 მარტს გაახმიანა და თქვა, რომ მოსკოვი  „არამეგობრულ“ ქვეყნებს გაზს მხოლოდ რუბლში მიჰყიდის. ამ ქვეყნებს შორის არიან აშშ, EU-ს სახელმწიფოები, ავსტრალია, კანადა და სხვები.

თუმცა, გამოცემა Politico-ს თანახმად, “დიდი შვიდიანის”(G7)-ის სამიტის შემდეგ, რომელიც  24 მარტს ბრიუსელში გაიმართა, შოლცმა უარყო პუტინის მოთხოვნა. მისი თქმით, ეს საკითხი განიხილეს და შეისწავლეს, რომ “ფიქსირებული კონტრაქტებია ყველგან, რომლებიც მოიცავს ვალუტას, რითიც ხდება გადახდები”. შოლცის თქმით, უმეტეს შემთხვევებში საუბარია დოლარსა და ევროზე.

გერმანიის კანცლერმა ასევე თქვა, რომ “დიდმა შვიდეულმა”, რომელშიც შედიან აშშ, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და დიდი ბრიტანეთი, ერთობლივ განცხადებაში გაიმეორა მოწოდება რუსეთისადმი, დაუყოვნებლივ შეაჩეროს საომარი მოქმედებები.

როგორც Politico წერს, ჯგუფი ასევე დათანხმდა რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას საჭიროების შემთხვევაში, თუმცა ხუთშაბათის სამიტის დროს უარი თქვა რაიმე ახალი ზომების გახმიანებაზე.

დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს არაერთი სანქცია დაუწესეს მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 24 თებერვლიდან დღემდე რუსეთის ძალები ბომბავენ როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

რას (ვერ) მოუტანს რუსეთს გაზის რუბლში გაყიდვა

მასალების გადაბეჭდვის წესი