ახალი ამბებისამართალი

სტრასბურგმა დაუშვებლად ცნო საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალის მოსახლეობის საჩივრები

24 მარტი, 2022 • 5895
სტრასბურგმა დაუშვებლად ცნო საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალის მოსახლეობის საჩივრები

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად გამოაცხადა 2008 წლის ომთან დაკავშირებით ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი 370 ინდივიდუალური საჩივარი.

ამის შესახებ ბრეგაძემ დღეს, 24 მარტს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ხსენებული საჩივრები იყო აშკარად დაუსაბუთებელი, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მინიმალური სტანდარტის მტკიცებულებები მომჩივანთა პრეტენზიების გასამყარებლად.

„2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის კოორდინაციით ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ 370 ინდივიდუალურ საჩივარზე განჩინება გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.

სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეირაღებული ძალები არ ახორციელებდა კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად, შეუძლებელია, რაიმე დარღვევა შეერაცხოს საქართველოს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი მხოლოდ 154 საჩივარი, რაც „ევროპის საბჭოს წევრობის მანძილზე საქართველოსთვის საუკეთესო მაჩვენებელია“.

„მაგალითისთვის, 2009-2012 წლებში ევროპული სასამართლო განიხილავდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ დაახლოებით 3000-დან 4000-მდე საჩივარს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი