ახალი ამბები

განცხადებას, რომლის გამოც რადას თავმჯდომარე მადლობას იხდის, საქართველოდან ხელს გრიგოლ ვაშაძე აწერს

21 მარტი, 2022 • 4052
განცხადებას, რომლის გამოც რადას თავმჯდომარე მადლობას იხდის, საქართველოდან ხელს გრიგოლ ვაშაძე აწერს

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი განცხადებას ავრცელებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ, რომელსაც ხელს აწერენ 13 ქვეყნის პარლამენტის წევრები, მათ შორის საქართველოდან- გრიგოლ ვაშაძე.

სტეფანჩუკი ხელმომწერ პარლამენტარებს უკრაინის მეგობრებს უწოდებს და მათ მადლობას უხდის.

„დღეს ჩვენმა მეგობრებმა – ჩეხეთის რესპუბლიკის, ესტონეთის, პოლონეთის, საფრანგეთის,  საქართველოს, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ლატვიის, ლიეტუვის, აშშ-ის პარლამენტარებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას “უკრაინის საჰაერო თავდაცვის მოდერნიზაციის გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ“, – დაწერა სტეფანჩუკმა სოციალურ ქსელში.

განცხადების ხელმომწერებს შორის არიან: ესტონეთის, გერმანიის, ირლანდიის, ლიეტუვის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები.

ნეტგაზეთმა სცადა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესთან  გადაემოწმებინა, რატომ არაა მისი ხელმოწერაც აღნიშნულ განცხადებაზე, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ შევძელით.

პარლამენტის პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში არ შესულა აღნიშნული განცხადება მხარდაჭერის ან ხელმოწერის თხოვნით.

განახლება: მოგიანებით ნეტგაზეთს საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ უპასუხა, რომ განცხადების ხელმოწერის თხოვნა მასთან არ შესულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი